თბილისი (GBC) - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) კვლევის თანახმად, 2024 წლის მესამე კვარტალში, ბიზნესის ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის სამუშაო ძალის დეფიციტი ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად დასახელდა. კერძოდ, გამოკითხული კომპანიების 54%-მა სპეციალისტების, ხოლო 42%-მა სამუშაო ძალის ნაკლებობა მთავარ პრობლემად დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მე-2 კვარტალთან შედარებით, 27 პ.პ-ით შემსუბუქდა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის პრობლემა.
ასოციაციის კვლევის თანახმად, სექტორებს შორის, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავედ მრეწველობისა და მომსახურების სექტორებში დაფიქსირდა, ხოლო სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა - მრეწველობის, ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებში.
საგულისხმოა, რომ სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები წინა კვარტალთან შედარებით 1 პ.პ-ით შემცირდა, თუმცა განმაპირობებელ ფაქტორებს შორის, კომპანიების 75%-მა მარეგულირებელი გარემო მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად დაასახელა, რაც წინა 2024 წლის მე-2 კვარტალის მონაცემთან შედარებით 7 პ.პ-ითაა გაზრდილი.
შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე 2024 წლის მე-3 კვარტალში, გამოკითხული ბიზნესის 49% საუბრობს, რაც 19 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება წინა კვარტალის მონაცემებს.
შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებენ.
კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.