თბილისი (GBC) – ქართული თხილის 70%-ზე მეტი ევროკავშირის ბაზარზე გადის. ის მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია, თუმცა 2023 წელს თხილის მოსავალმა პროგნოზი ვერ გაამართლა, რადგან, როგორც ამას თხილის ბაზრის ექსპერტები ირწმუნებიან, ფერმერების ნაწილმა თხილის მოვლისთვის სახელმწიფო სუბსიდირებით მიღებული თანხა არამიზნობრივად დახარჯა. ამ პრობლემის მინიმიზაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დღეიდან, თხილის სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხის არამიზნობრივად ხარჯვისთვის ჯარიმები დაწესდება. 

იმისათვის, რომ დაგვედგინა, რა პრობლემებია ქართულ ბაზარზე თხილის ბიზნესთან დაკავშირებით, ზემოხსენებული გამკაცრებული წესების აღსრულების რა მექანიზმები აქვს შესაბამის უწყებებს და მეთხილეობის სხვა პრობლემებზე GBC ესაუბრა გიორგი თოდუას, “თხილის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარეს.

„რაც შეეხება კონტროლს, ამ მექანიზმში ბუნებრივია,  სახელმწიფო და შესაბამისი ორგანოები იყო და იქნება ჩართული. ამ ეტაპზე ჩვენთვის როგორც ცნობილია, ძალიან მკაცრად გაკონტროლდება მაღაზიები. მაგალითად: პესტიციდების ნაცვლად ფერმერმა სხვა დანიშნულების პროდუქცია რომ არ შეიძინოს, რომელიც თხილთან საერთოდ კავშირში არაა. მაღაზიებს ვალდებულება ეკისრებათ, თვეში ერთხელ წარადგინონ დოკუმენტი იმის შესახებ, თუ კონკრეტულმა ფერმერმა რა შეიძინა სახელმწიფო დაფინანსებით“.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ქართული თხილი მოხვდეს უფრო მაღალ საფასო სეგმენტში, “თხილის მწარმოებელთა ასოციაციის” გუნდი ფერმერებთან ყოველდღიურად მუშაობს. „აქ ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც იციან ფერმერებმა. თუ ჩვენ მოვახერხებთ ევროპულ ბაზარზე ხარისხიანი ნიშის დაკავებას, მაშინ სტაბილურად ყოველთვის შევძლებთ 8, 9 ლარად ან უფრო მეტ ფასად თხილის რეალიზაციას“, - განაცხადა გიორგი თოდუამ.

ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ამ ეტაპზე ფერმერები ვერ ახერხებენ სტაბილურად თხილის მოვლას. შეიძლება ფერმერმა თხილს ერთი წლის განმავლობაში მოუაროს და შემდეგ წელს მოვლა, სასუქი და წამლობა დააკლოს. მისი აზრით, ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, კარგია და “თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში” მიესალმებიან, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარია გამოყოფილი თხილის სექსტორისთვის, რომელიც გახლავთ თხილის მხარდამჭერი პროგრამა, იგი ითვალისწინებს 500 ლარიან დახმარებას პესტიციდების შესაძენად და არა მარტო.  გიორგი თოდუას თქმით, ფერმერების საკმაოდ დიდი ნაწილი არ არის სათანადოდ ინფორმირებული, რაც პრობლემას წარმოადგენს. არ იციან, რა არის გასაკეთებელი, არ იციან როდის რას უნდა მოუარონ. ანუ, სექტორში ცნობიერების ამაღლება სათანადო არ არის. „მოგეხსენებათ, აქ თითქმის 70 ათასამდე ფერმერია ჩართული, მცირე და საშუალო ფერმერები. თხილის ინდუსტრიაში ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა ადამიანების და თავისთავად ცხადია, რამდენიმე წელი არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ სტაბილურად ვაწარმოოთ ხარისხიანი თხილი“, – აღნიშნა გიორგი თოდუამ.

მისი განმარტებით, ქართული თხილის ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ტექნიკასთან და შესაბამისად შესაწამლ  სისტემასთან წვდომის არქონა. მისივე აზრით, თუ ექნებათ ფერმერებს იმის  შესაძლებლობა და გრანტები, რომ კონკრეტულ სოფელში კონკრეტულმა ჯგუფებმა შეიძინონ ესა თუ ის ტექნიკა, ეს ამ თუ იმ პროცესს ბევრად ეფექტიანს გახდის. თოდუას თქმით, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას ქართულ მეთხილეობაში წარმოადგენს ნიადაგის მჟავიანობა. „ნიადაგი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მაღალხარისხიანი თხილი ვაწარმოოთ, ამასთან, გავზარდოთ რაოდენობა. ამ მიმართულებით “თხილის მწარმოებელთა ასოციაცია” წლებია მუშაობს“, - განაცხადა მან.

GBC-თან საუბარში გიორგი თოდუა აღნიშნავს, რომ  2023 წელს გააქტიურდნენ ფერმერები, ნიადაგში კირი შეაქვთ, მათ შორის გამომწვარი კირი, რომელიც კალციუმის მაღალი შემცველობით ხასიათდება. ეს, რა თქმა უნდა, ფასებთან არის დაკავშირებული და მომავალში გათვალისწინებული თუ იქნება ამასთან სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, კარგ შედეგს მივიღებთ და მასიურად თუ შეიტანა ათასობით და ათი ათასობით ფერმერმა კალციუმის შემცველი კირი, შესაძლებელი იქნება ერთ-ორ წელიწადში მნიშვნელოვნად შეიცვალოს სურათი პოზიტიური მიმართულებით.

„მექანიზაციაზე წვდომა, კირი და მეტი მხარდაჭერაა საჭირო იმისათვის, რომ ქართული თხილის ხარისხი გავაუმჯობესოთ. ანუ, რაც უფრო მეტი თანხა იქნება ინდუსტრიაში ინვესტირებული, მით უკეთესია თხილის ბიზნესისთვის“, - აღნიშნა გიორგი თოდუამ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართული თხილი ძირითადად იყიდება ევროპის ბაზარზე. ამ რეგიონთან შედარებით რუსეთის ბაზარი უმნიშვნელოა. ქართული თხილი ძირითადად გადის გერმანიაში, იტალიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში.

გიორგი თოდუას თქმით, 2023 წელს საშუალო და კარგი ხარისხის ქართული თხილის ფასმა მოიმატა და 6-დან  8 ლარამდე მერყეობდა. იგი აგვისტოში 3-დან 4 ლარამდე ღირდა. დღეის მდგომარეობით ადგილზე 1 კგ თხილი 8 ლარი ღირს.

კითხვაზე, როგორი იყო 2023 წლის მოსავალი 2022 წელთან შედარებით? გიორგი თოდუა პასუხობს: „საბოლოოდ რაოდენობრივად მნიშვნელოვანი ზრდა არ გვაქვს, მაგრამ რაც შეეხება ხარისხს, წინა წლებთან მიმართებით უკეთეს პოზიციაზე ვართ. ამასთან, ჩვენი ასოციაცია არის საერთაშორისო, ანუ ვართ თხილის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა შეხვედრებში, სხვადასხვა გამოფენებში და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ასოციაციის რესურსებიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე ვითანამშრომლოთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მაგრამ ეს საკმარისი არ გახლავთ. ვნახოთ, რა გამოგვივა მომავალში“.

იქიდან გამომდინარე, რომ წინა წლებთან შედარებით თხილის ფასი თითქმის გაორმაგებულია, ამასთან მოტივაცია ფერმერებში არის გაზრდილი, გიორგი თოდუა იმედს იტოვებს, რომ 2024 წელს თხილის მოსავალთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი გამართლდება. „კარგია, რომ მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ აქ აგრარულ ვადებში უნდა განხორციელდეს ყველაფერი.  ჩვენ სისტემატურად ვხვდებით ფერმერებს, ჩვენთან 35 ათასზე მეტი ფერმერია გაწევრიანებული, გვყავს აგრო კონსულტანტები, ამიტომ ვცდილობთ, რომ ამ პროცესში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ“, - აცხადებს იგი.

რაც შეეხება სახელმწიფო სუბსიდირებას, სოფლის განვითარების სააგენტო თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აგროქულების მიზნობრივ ხარჯვას გაუწევს მონიტორინგს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს.

უწყების ცნობით, თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას. სოფლის განვითარების სააგენტოს მხრიდან კონტროლის მექანიზმის გამკაცრება ითვალისწინებს პროცედურას, რომლითაც აგრომაღაზიები ვალდებულები იქნებიან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული პროდუქციის რეალიზაციის სისტემური აღრიცხვა განახორციელონ.

ამასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამით დადგენილი პირობით, ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ თხილის ბაღი, არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა. სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ. პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების განაღდების პროცესი მიმდინარე წლის მარტის თვიდან დაიწყება და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს მასშტაბით მოქმედ 500-ზე მეტ სპეციალიზებულ აგრომაღაზიაში.

საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2023 წელს საქართველოდან ექსპორტზე სულ $89 471 240-ის თხილი და სხვა კაკალი გავიდა, რომელმაც ჯამში 18,802.01 ტონა შეადგინა. ხოლო , 2022 წელს ექსპორტზე გავიდა  $102 555 740-ის ღირებულების თხილი და სხვა კაკალი, რომელმაც შეადგინა  24,738.29 ტონა. ამასთან, 2023 წელს საქართველოში განხორციელდა $19 863 570-ის თხილის და სხვა კაკლის იმპორტი, რამაც ჯამში 6,992.85 ტონა შეადგინა. ხოლო, 2022 წელს  $15 065 500-ის ღირებულების იმპორტი, ჯამში – 4,825.57 ტონა.

 

ავტორი: ანა გულბათაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი. GBC-ს კორესპონდენტი.