თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 3Q25-ში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 1.4%-ით ნაკლები, სულ 3.5 მილიონი ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 9.5% მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 32.4% — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 58.1% — ტრანზიტზე.

3Q25-ში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 77.3% მოდიოდა ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 22.7% კი — ქვეყნიდან გატანილზე.

3Q25-ში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 32%-ს გამომგზავნ ქვეყანას აზერბაიჯანი წარმოადგენდა, 29.1%-ს გამომგზავნს — რუსეთის ფედერაცია, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10%-ზე ნაკლები იყო (ჯამურად 38.9%).

3Q25-ში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 22.1%-ს დანიშნულების ქვეყანას სომხეთი წარმოადგენდა, 11.6 პროცენტისას — ყაზახეთი, 6.3 პროცენტისას — რუსეთის ფედერაცია, ტვირთის მიმღები თითოეული დანარჩენი ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო (ჯამურად 60%).

საქსტატის მონაცემებით, 3Q25-ში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 16.2% — ნიდერლანდები, 10% — თურქეთი, 7.2% — ჩინეთი, 2.9% — იტალია, 2.4% — უკრაინა, 0.7% — რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 9.2%-ს გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 2.6 პროცენტისას — თურქეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 37.7% მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; 20.6% — ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 12.6% — ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე.

3Q25-ში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 59.8% ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 20.2% ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 9% — სატრანსპორტო აღჭურვილობის სასაქონლო ჯგუფს. რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (47.7%), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (18.9%), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (14.5%), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (3.8%), ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (3.5%), ძირითადი ლითონები (3.2%) და ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (2.9%); ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (25.3%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (24.9%), ძირითადი ლითონები (16.1%) და ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (13.6%).

3Q25-ში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 84.9% სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (40.9%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (31.1%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (12.9%).

საქსტატის მონაცემებით, 3Q25-ში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 589.1 ათასი მგზავრი, რაც 12.9%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 144.9 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 10.9%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

3Q25-ში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 573.4 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 97.3%-ს შეადგენს და 13%-ით ჩამორჩება 2024 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 15.6 ათასი მგზავრი, რაც 9.3%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 78.3% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 21.7% (3Q25-ში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).