თბილისი (GBC) – საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო 1 მილიონი ვაქცინის შესაძენად 7 მილიონ ლარიან ტენდერს აცხადებს. ტენდერი გულისხმობს მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვისთვის „თურქულის“ საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენას.

ტენდერში წინადადებების მიღება 24 მაისიდან იწყება და 29 მაისს 12:00 საათზე სრულდება.

პროდუქციის სპეციფიკაციის მიხედვით, ვაქცინა განკუთვნილი უნდა იყოს მცოხნავი ცხოველების საინექციოდ. დოზის ერთეულად აღებული უნდა იყოს მსხვილფეხა პირუტყვის საიმუნიზაციო დოზა. ასევე ზრდასრული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის გეგმური ვაქცინაციის შემდგომ, იმუნიტეტის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 6 თვე.

ვაქცინის მოწოდება უნდა განხორციელდეს ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი - 400,000 დოზა ვაქცინის მიწოდება უნდა განახორციელდეს
ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარულ დღეში ,

მეორე ეტაპი - 600,000 დოზა ვაქცინის მიწოდება უნდა განხორციელდეს პირველი
ეტაპის დასრულებისთვის განსაზღვრული დღიდან 30 კალენდარულ დღეში.

დოკუმენტაციის მიხედვით, მწარმოებელს უნდა გააჩნდეს კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ასევე, ვაქცინის ვარგისობის ვადა მოწოდების მომენტისთვის უნდა იყოს არანაკლებ 12 თვე და ფლაკონის გახსნიდან ვაქცინა ვარგისი უნდა იყოს 8 საათის განმავლობაში.