თბილისი (GBC) – ევროპის ბაზარზე ქართულ თაფლზე მოთხოვნა იზრდება, საქართველო კი ევროპის ბაზრის მოთხოვნას იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც გააქვს ექსპორტზე, ვერ აკმაყოფილებს. ევროპაში ქართულ პროდუქტზე მოთხოვნის ზრდას „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ალეკო პაპავა ქართული თაფლის „მაღალი ხარისხით“ განმარტავს. ქართული ნატურალური თაფლის ექსპორტმა, საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს $762 000, ხოლო 2022 წელს ამ მაჩვენებელმა $1 175 600 შეადგინა. საბოლოოდ, საქსტატის მონაცემების თანახმად, 2023 წელს 110.47ტ ნატურალური თაფლი გავიდა ექსპორტზე, განსხვავებით 2022 წლისა, როდესაც ქართული ნატურალური თაფლის ექსპორტმა შეადგინა 258.18 ტ. რაც შეეხება ნატურალური ქართული თაფლის საექსპორტო ფასს, 2023–ში საშუალოდ 1 კგ–ზე $6,9 შეადგინა, 2022 წელს კი საექსპორტო ფასი კილოგრამზე $4,5 იყო.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ევროპის ბაზარზე ქართულ თაფლზე მოთხოვნა გაიზარდა. მანამდე დაკეტილი იყო ევროპის ბაზარი. და როდესაც ამ დოკუმენტს მოეწერა ხელი, საქართველო არ იყო მზად ექსპორტისთვის იმიტომ, რომ ბაზრის შიგნით იყო ძალიან დიდი შეფერხებები. მაგალითად, ქართული თაფლი საერთოდ ვერ აკმაყოფილებდა ევროკავშირის სტანდარტს (ეს ხდება 2016 წელს) დაახლოებით 4 წლიანი ბრძოლა გახდა საჭირო იმისათვის, რომ ქართული თაფლის ევროსტანდარტებამდე ყოფილიყო აყვანილი. ამ წლების განმავლობაში შიდა რეგულაციებიც შეიცვალა, გადაკეთდა რამდენიმე კანონი, გაუმჯობესდა თაფლის ხარისხი და უვნებლობა. დღეს ბაზარზე რამდენიმე საექსპორტო საწარმოა ლიცენზირებული. ანუ, საწარმო, რომელსაც ამ პროდუქტის ექსპორტის უფლება აქვს.
თუ რამ განაპირობა ევროპის ბაზარზე ქართული თაფლის პოპულარობა და მასზე მოთხოვნის გაზრდა, GBC „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების“ თავმჯდომარეს ალეკო პაპავას დაუკავშირდა, მისი თქმით, „ევროპის ბაზარზე ქართულ თაფლზე მოთხოვნა იმიტომ გაჩნდა, რომ ხარისხია კარგი“.
ალეკო პაპავას განცხადებით, საქართველო ევროპის ბაზარს ვერ უზრუნველყოფს თაფლის იმ რაოდენობით, რა მოცულობის მოთხოვნაც არსებობს. მისივე განმარტებით, ძირითადად აკაციის თაფლზეა მოთხოვნა გაზრდილი. „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს: „ვერ ვაკმაყოფილებთ ჯარას თაფლზე (ბიოსერტიფიცირებული თაფლი) მოთხოვნას. საქართველოში ჯარას თაფლი მხოლოდ სამ ტონამდე იწარმოება და სამივე ტონა ექსპორტზე გადის იაპონიაში“.
ალეკო პაპავა აღნიშნავს, რომ თაფლის ანტიბიოტიკებით დანაგვიანება არის მინიმალური. ეს პრობლემა არსებობდა 2016, 2017 და 2018 წლებში, ხოლო 2021 წლის ბოლოსთვის დანაგვიანება დაახლოებით 6% იყო.
იმისათვის, რომ დაგვედგინა, რატომ იყო რთული 2023 წელი ქართველი თაფლის ექსპორტიორი კომპანიებისთვის, ჩვენ ვესაუბრეთ კომპანია „აპიჯეოს“ გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელს ერეკლე ჩიკვაიძის. მისი თქმით, 2023 წელი ექსპორტის თვალსაზრისით „საშინელი“ იყო და იგივე ტენდენცია მიმდინარე წელსაც თუ შენარჩუნდა, ეს ქართული თაფლის ბაზარს დიდ დარტყმას მიაყენებს. ჩიკვაიძის განმარტებით, „კლიმატური პირობები პირდაპირ მიბმულია დაავადებებთან და თუ 2024 წელი გასული წლის მსგავსად არასტაბილური იქნება, ეს პირდაპირ წნეხში აყენებს თაფლის ექსპორტიორებს, იმიტომ, რომ თაფლის დეფიციტში ვართ და თუ თაფლი არ გვექნება, ვეღარ ვივაჭრებთ“.
ერეკლე ჩიკვაიძე განმარტავს, რომ საქართველოში არ გვყავს მსხვილი მეფუტკრეები, კომერციული მეფუტკრეობა საქართველოში როგორც ასეთი არ არსებობს. ამიტომ ხდება თაფლის შეგროვება, ჰომოგენიზირება რამდენიმე მეფუტკრისგან, რომელსაც თანაბარი მახასიათებლების თაფლი აქვს. შემდეგ ეს თაფლი ირევა ერთმანეთში და იგზავნება ბაზარზე. ამიტომაც საქართველოში მეფუტკრე არ არის ის რგოლი, რომელიც ექსპორტიორია.
ერეკლე ჩიკვაიძე მოგვითხრობს, რომ „თუ მწარმოებლების და ექსპორტიორების პრობლემებზე ვისაუბრებთ, ის, რა პრობლემებსაც ჩვენ ვაწყდებით, არის შემდეგი: წინა წელს გვქონდა მოთხოვნის ზრდა დაახლოებით 100-120%-იანი მაჩვენებლით 2022 წელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ეს ისეთი სოფლის მეურნეობის სფეროა, რომ მთლიანად მიბმული ვართ გარემო პირობებზე, კლიმატის გაუარესებასა და ხშირი დაავადებების ზრდის გამო. მაგალითად, შარშან მოსავლიანობა 40%-მდე დაეცა და შესაბამისად პირდაპირ პრობლემა შეგვიქმნა. ექსპორტში სხვა პრობლემებს რაც შეეხება, გვქონდა უვნებლობასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები ძალიან შემცირებულია და ლოგისტიკასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ვთქვათ გამოწვეული იყო კორონავირუსის პანდემიისგან და შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომიდან“.
„აპიჯეოს“ გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელის თქმით დღეს ანტიბიოტიკები მეფუტკრეობაში სამკურნალოდ აკრძალულია. თუმცაღა ეს ადრე კანონით დაშვებული იყო და ბაზარზე 12-მდე ანტიბიოტიკი არსებობდა, რომელიც მეფუტკრეობაში გამოიყენებოდა. შემდეგ ჩატარდა ბევრი კამპანია, იმისათვის რომ ხაზგასმულიყო, ანტიბიოტიკების გამოყენება კი არ უწყობს ხელს რაიმე დაავადების მკურნალობას ფუტკარში არამედ, გრძელვადიან პერიოდში ფუტკარზე იგი ცუდად აისახება.
„ანტიბიოტიკები, მაგალითად, ქართულ მეფუტკრეობაში 2016 წელს როცა გამოიყენებოდა, იყო 70%-ზე მეტი. დღეს ეს რიცხვი 9%-მდეა დავარდნილი და ამ მაჩვენებლით ევროპის ბევრ ქვეყანას ვჯობნით“, - აღნიშნა ერეკლე ჩიკვაიძემ.
„ამასთან, შიდა ბაზარზე არ გვაქვს ის შესაძლებლობა და პირობა , რომ მაგალითად ევროკავშირისთვის საკმარისი რაოდენობის თაფლი გავიტანოთ. ამასთან, ვერ ვემთხვევით ფასში. ჩვენი ფასი ევროკავშირის ფასზე მაღალია და ამიტომ ქვეყნების სია, სადაც თაფლის გატანა შეგვიძლია, ვიწროვდება. პრობლემური საკითხია გემო. იმიტომ, რომ ათობით ათასი სახეობის ყვავილი არსებობს და დაახლოებით იმდენნაირი თაფლი. თუ გინდა სხვა ქვეყანას გემოვნურ თვისებებზე ორიენტირებული თაფლი გაუგზავნო, მაშინ ზუსტად ის ქვეყნები უნდა შეარჩიო, სადაც იგივე თაფლის მომხმარებლები არიან. ამიტომ ეს ყველაფერი თაფლის ბაზარს ავიწროებს და კონკურენციაში გაგდებს იმ ქვეყნებთან, რომელთაც ანალოგიური ბოტანიკა აქვთ“, - განმარტავს ერეკლე ჩიკვაიძე.
მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მეფუტკრე სხვადასხვანაირი მიდგომა და პრაქტიკა აღმოაჩინა ფუტკრის მოვლის. ყველა ცდილობს, რომ პრეპარატებით მოვლის ხარჯი დასწიოს და ისინი გადასულები არიან ევროპულ სტანდარტზე, რაც გულისხმობს სუბლიმაციას, მჟაუნმჟავით ან ჭიანჭველამჟავით, რაც ძალიან იაფი ჯდება, თუმცა საუკეთესო მეფუტკრეობის პრაქტიკა არ გულისხმობს ამ პრეპარატების ცვლას. მაგალითად, მხოლოდ სუბლიმაციას არ შეიძლება იყენებდე, აქ უნდა გამოიყენო პესტიციდი აუცილებლად. ამიტომ რა უჯდება თითოეულ მეფუტკჯრეს პირობითად 100 სკის მოვლა, რთული დასაანგარიშებელია. თითოეულ მეფუტკრეს ინდივიდუალურად სხვადასხვა დანახარჯი აქვს.
იმისთვის, რომ დაგვედგინა, რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე, ვესაუბრეთ ანა ტორონჯაძეს, ახალგაზრდა მეფუტკრეს, რომელსაც მცხეთის რაიონის სოფელ ბიწმენდში ჰყავს 40-მდე სკა. თავდაპირველად მეფუტკრეობა სამი სკა ფუტკრით დაიწყო, რომელსაც მისი ოჯახის წევრები უვლიდნენ. ოჯახურ ბიზნესს კი 2017 წლიდან შეუერთდა.
ანა ტორონჯაძე არ ყიდის თაფლს, იგი მხოლოდ ფუტკრის რძეზე მუშაობს. „იქიდან გამომდინარე რომ ფუტკრის რძეზე ვმუშაობ, ნაკლებად ვიცი თუ რა პრობლემებს აწყდებიან მეფუტკრეები თაფლის ბაზარზე. რაც ცხადია, არის ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან მეფუტკრეებისადმი ხელის შეწყობა ბევრად გაამარტივებს ბაზარზე თაფლის რეალიზაციას და მეფუტკრეებიც უფრო დიდი მოტივაციით დაიწყებენ თაფლის წარმოებას“, - აღნიშნავს ახალგაზრდა მეფუტკრე.
ანა ტორონჯაძის თქმით, ფუტკრის მოვლა საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ზაფხულის პერიოდში იგი აქტიურად მუშაობს საფუტკრეში, ფუტკრის რძის წარმოება დამატებით კიდევ უამრავ რესურსს მოითხოვს. „ყველაზე დიდ საფრთხეს ფუტკრისთვის პარაზიტები წარმოადგენს, რომლის მოშორებასაც დიდი დრო და ენერგია მიაქვს. საჭიროა სპეციალური პრეპარატების შეძენა და სწორ დროს და სწორი ტექნიკით ფუტკრების დამუშავება“, - აღნიშნა ანა ტორონჯაძემ.
ანა ტორონჯაძე 1 გრამ ფუტკრის რძეს 3 ლარად ადგილობრივ ბაზარზე ონლაინ ყიდის. 2022 წელს მან 3 კგ ფუტკრის რძე აწარმოვა, რომლის რეალიზაციაც სრულად მოახდინა ქართულ ბაზარზე, ხოლო 2023 წელს მისმა მოსავალმა 4 კგ ფუტკრის რძე შეადგინა. მისივე თქმით, ფუტკრის რძის საზღვარგარეთ გატანა რთულია და რადგანაც აქ მთლიანად ახერხებს გაყიდვას, საზღვარგარეთ რეალიზაციაზე არც უფიქრია.
ახალგაზრდა მეფუტკრე მოგვითხრობს: „თაფლის წარმოება დამოკიდებულია თუ რომელ რეგიონშია საფუტკრე, ისეთ ადგილებში სადაც ყვავილობა დიდხანს გრძელდება თაფლს ორჯერაც იღებენ, დაახლოებით საშუალოდ 1 სკიდან 20-25 კგ თაფლს აწარმოებენ. თუმცა ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. ცუდი ბუნებრივი მდებარეობისადან გამომდინარე 1 სკა სეზონზე დაახლოებით 5-10 კგ თაფლს მაძლევს, ამიტომ ვამჯობინებ ფუტკრის რძეზე მუშაობას და თაფლს მაქსიმალურად ვუტივებ ფუტკარს ზამთარში გამოსაკვებად“.
ანა ტორონჯაძისთვის 2023 წელი ბევრად ნაყოფიერი და მომგებიანი იყო, ვიდრე 2022. მისივე თქმით, სეზონი ნაყოფიერი იქნება თუ არა, დამოკიდებულია ამინდზე, სწორედ 2023 წლის გაზაფხულზე ბევრად ადრე დათბა და შესაბამისად სეზონიც ადრე გაიხსნა. ფუტკრის რძის წარმოების მხრივ 2023 წელი ჯერჯერობით მისთვის საუკეთესო წელი იყო.
ქართული ნატურალური თაფლის ექსპორტი, საქსტატის მონაცემებით, ბოლო 5 წელიწადში 1631,5%-ით გაიზარდა. თუმცა, 2023 წლის იანვარ-დეკემბრის მონაცემებით, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57,2%-ითაა შემცირებული.