თბილისი (GBC) – 2023 წელი რთული გამოდგა ქართველი მევენახეებისთვის, რადგან ვენახების დიდი ნაწილი განადგურდა. მოსავლის ასე განადგურებას ქართველი მევენახეები შხამქიმიკატების უხარისხობას აბრალებენ და მიიჩნევენ, რომ შესაწამლი მასალები ქვეყანაში ხარისხიანი უნდა შემოდიოდეს. ხოლო შხამქიმიკიტების იმპორტიორი კომპანების წარმომადგენლები შარშანდელი მოსავლის განადგურებას არასახარბიელო კლიმატურ პირობებს უკავშირებენ და ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტი შხამქიმიკატების ბრალი არ ყოფილა. მათივე მტკიცებით, მევენახეებმა აგროქიმიკატები „არასწორად გააზავეს“.
2023 წლის მოსავლის განადგურებაში ურთიერთბრალდებების გამო GBC ყველა მხარეს ესაუბრა მტყუან–მართლის დასადგენად. მევენახე ოთარ ბერძენიშვილის თქმით, რომელიც წინანდალში 10 ჰა ფართობზე ფლობს ვენახს, შარშან ვაზმა, რომელმაც 2022 წელს 50 ტონაზე მეტი მოსავალი მისცა, 2023 წელს პრაქტიკულად არ მიუღია ყურძენი და ამას შხამ–ქიმიკატების უხარისხობას უკავშირებს. ბერძენიშვილი გვიყვება, რომ ვენახები შხამ–ქიმიკატების იმ იმპორტიორსაც გაუნადგურეს მავნებლებმა, რომლისგანაც პრეპარატები თავად შეიძინა.
მევენახე ამბობს, რომ დღეს საქართველოში ვაზის მოვლამ კომერციულად აზრი დაკარგა, რადგან იმდენად გაძვირებულია დიზელი, შხამ–ქიმიკატები და მუშახელი, რომ მოსავლის აღების შემთხვევაში მისი რეალიზაციიდან თვითღირებულებაც კი ვერ იფარება.
„2023 წელს მოსავალი საერთოდ არ მქონია, რადგან ყველაფერი განადგურდა. არ იმუშავა შხამ–ქიმიკატებმა, რადგან უხარისხო იყო და ვინც იგი მე მომყიდა მასაც გაუფუჭდა. შხამქიმიკატები უნდა იყოს ხარისხიანი, რომ იმუშაოს, სხვანაირად არ ივარგებს“, – აცხადებს ოთარ ბერძენიშვილი.
მევენახე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ წელს უკვე გაყიდა დაახლოებით 1,5 ჰა ფართობზე გაშენებული ვენახი და სიამოვნებით გაყიდდა მთელ ვენახს, თუმცა ფასი იმდენად არის დავარდნილი, რომ ეს კიდევ მეტ ზარალს გამოიწვევს. მისი თქმით, თუ 1 ჰა საფერავის ვენახი $25 ათასი ღირდა, დღეს მისი ფასი ხუთჯერ არის შემცირებული და მაქსიმუმ $5 ათასი ღირს.
ოთარ ბერძენიშვილი ამბობს, რომ პრეპარატებმა მაშინ უნდა იმუშაოს, როდესაც არახელსაყრელი კლიმატური პირობებია, ხშირი წვიმა და სხვ. მისივე თქმით, თუ იდეალური ამინდია, ვაზს შხამ–ქიმიკატები არც სჭირდება. ოთარ ბერძენიშვილის თქმით, ხარისხიანი შხამ–ქიმიკატებით სეზონზე ვაზი 5–ჯერ უნდა შეიწამლოს, ამ პრეპარატების პირობებში კი 12 შეწამვლაც ვერ იძლევა სასურველ შედეგს.
ამასთან, ერთ-ერთი მევენახე, რომელიც ასევე წინანდალში ფლობს ათობით ჰა ფართობზე ვენახს, ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ 2023 წელს საერთოდ არ აუღია მოსავალი. ჩვენი რესპონდენტი, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა, ამბობს, რომ 100 ჰა ფართობზე ერთი კილოგრამი ყურძენიც არ მოუკრეფია გასულ სეზონზე. ასეთ ზარალს მევენახე შხამ–ქიმიკატების უხარისხობას უკავშირებს.
მევენახეს იმ კომპანიაში, სადაც შხამ–ქიმიკატები შეიძინა შარშან, განუცხადეს, რომ იგი შხამქიმიკატებს არასწორად იყენებდა, რაც გახდა მიზეზი ვენახის განადგურებისა. რესპონდენტი ამ სიტყვებს არ ეთანხმება, ვინაიდან იგი წლების განმავლობაში ხომ ამ მეთოდით წამლავდა ვენახს. ამიტომ, მევენახეს აზრით, შხამქიმიკატები იყო უხარისხო, რომელიც შემოდიოდა გერმანიიდან. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში გერმანიიდან პრეპარატების მწარმოებელი ქარხნის წარმომადგენლები ჩამოდიან საქართველოში იმ პრობლემების შესასწავლად, რა პრობლემებიც შეხვდა 2023 წელს ქართველ მევენახეებს.
GBC ასევე ესაუბრა გიორგიწმინდის მარნის წარმომადგენელ დავით ქვრივიშვილს. კომპანია მანავის მწვანის ზონაში ფლობს 14 ჰა ფართობის ვენას. აქედან, მწვანე არის 2ჰა, 2.5ჰა - რქაწითელი, 1ჰა - ქისი, დანარჩენი 8,5 ჰა - საფერავი.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ქვრივიშვილმა გასული წლის სეზონზე ვენახი 10-ჯერ შეწამლა, მას მოსავალი მაინც გაუნადგურდა, რის მიზეზადაც ამინდს, ან შხამ–ქიმიკატების უხარისხობას ასახელებს. ხოლო კითხვას, რამდენი იყო ზარალი 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, ერთი სიტყვით პასუხობს – „დიდი“. გიორგიწმინდის მარანმა 2023 წელს რქაწითლის დაახლოებით 1 ტონა მოსავალი აიღო 2.5 ჰა-ზე, ქისი შეადგენდა 4.5 ტონას, მანავის მწვანე იყო 9 ტონამდე, ხოლო საფერავი – 50 ტონა.
დავით ქვრივიშვილი გეგმავს, რომ მიმდინარე წელს შხამქიმიკატების სხვა იმპორტიორ კომპანიასთან ითანამშრომლებს, მან ამისათვის შხამქიმიკატების კომპანიასთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, ხოლო რამდენად მომგებიანი და გარანტიებით სავსე იქნება სხვა კომპანიასთან თანამშრომლობა, ეს ჯერ არ იცის.
შესაწამლი პრეპარატების ხარისხთან დაკავშირებით და მევენახეების პრეტენზიებიდან გამომდინარე, შხამ–ქიმიკატების იმპორტიორ კომპანია „ბარაქას“ მთავარ აგრონომს ლიკა ბალარჯიშვილს დავუკავშირდით. მან კატეგორიულად უარყო მევენახეთა პრეტენზიები და მათი ზარალი არასახარბიელო კლიმატურ პირობებს და მათსავე არაკვალიფიციურობას დაუკავშირა.
მისი თქმით, მსგავსი ტიპის პრობლემით მევენახეებს კომპანია „ბარაქა“-სთვის არ მიუმართავთ.
ბალარჯიშვილის მტკიცებით, „აღნიშნული ფაქტი შხამქიმიკატების ბრალი არ ყოფილა, რადგან წელი იყო რთული, იყო უხვი ნალექი, ვერ ხერხდებოდა შხამქიმიკატების გამოყენება და თუ შეწამლიდნენ, ყოველ წვიმაზე პრეპარატები მცენარიდან ირეცხებოდა“.
მევენახეთა ბრალდებებს კიდევ უფრო მკაცრად პასუხობს ევროპული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების იმპორტიორი კომპანია „აგროსიმას“ დირექტორი ირაკლი ქოროღლიშვილი. მისი მტკიცებით, ის, რის გამოც განადგურდა ყურძნის 2023 წლის მოსავლის ნაწილი, „არის გაუნათლებლობა. მევენახეებმა არ იციან, როგორ მიუდგნენ დაავადებებს, შხამქიმიკატები აქ არის მეორე და მესამე ხარისხოვანი. მთავარი ნიუანსი ამინდიდან გამომდინარეობს, ასევე მწვანე ოპერაციებიდან, აგროტექნიკიური ღონისძიებებიდან და ვინ რამდენად დროულად და სწორად აკეთებს ამ ყველაფერს, საკითხავია“.
ირაკლი ქოროღლიშვილის თქმით, „ვენახის განადგურება შეიძლება იყოს შხამქიმიკატების ბრალიც, ვინ რა ხარისხს იყენებს მცენარის მოვლისას. იმისათვის, რომ მევენახემ საქართველოში შეძლოს გარანტირებული შედეგის მომტანი პრეპარატების შეძენა, საჭიროა მიდგომები, მეტი განათლება და ცნობიერების ამაღლება“.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით გადამუშავდა 221,2 ათას ტონამდე ყურძენი, ხოლო 2022 წელს 287,3 ათასი ტონა ყურძენი. 2023 წლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი 306 მლნ ლარს აღემატება (კახეთის რეგიონში 249 მლნ. ლარი, დანარჩენ რეგიონებში 57 მლნ.ლარი). ხოლო, 2022 წელს რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 336.14 მლნ ლარი შეადგინა.
კახეთის რეგიონში გადამუშავდა 204 ათასი ტონა ყურძენი (რქაწითელი - 71884 ტ. (მ. შ. სახელმწიფო 17742 ტ.) საფერავი - 89014 ტ., კახური მწვანე - 4027 ტ). რაჭის რეგიონში გადამუშავდა 1,7 ათასი ტონამდე ყურძენი; ლეჩხუმში, სადაც რეგისტრირებულია 2 ადგილწარმოშობის დასახელება -"ტვიში" და ოყურეშის უსახელაური", სულ გადამუშავდა - 565 ტონა ყურძენი, მათ შორის, გადამუშავდა: ცოლიკაური - 443 ტ. - 4 ლარი, ოჯალეში 88.4 ტ. - 4 ლარი, ოყურეშის უსახელაური - 34 ტ. - 15 ლარი (მ.შ. სახელმწიფო 7.4 ტონა).
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 2023 წელს საფერავის მოსავალმა გადააჭარბა რქაწითლის მოსავალს, რქაწითლის შემცირება განპირობებული იყო არახელსაყრელი კლიმატური პირობებით.