თბილისი (GBC) - ვაკის საცურაო აუზის ადმინისტრაცია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ აუზის გაყიდვის შესახებ ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება.
ადმინისტრაციის თქმით, ვაკის საცურაო აუზი აგრძელებს მუშაობას და არანაირი სხვა საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ვაკის საცურაო აუზი გაიყიდა და მას ახალი მფლობელი ჰყავს. მოგახსენებთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, გარკვეული ტექნიკური ცვლილებები განხორციელდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუზს ახალი მფლობელი ჰყავს და მისი ფუნქციონირება საფრთხის წინაშე დგას. ვაკის საცურაო აუზი, ოლიმპიური სტანდარტის შესაბამისია და ის ამიერ კავკასიაში სიდიდით პირველ ადგილს იკავებს. გარდა სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექს, თითქმის საუკუნოვანი ისტორია აქვს, სწორედ ამიტომ ჩვენ მის განვითარებასთან დაკავშირებით , დიდი გეგმები გვაქვს. ჩვენი სურვილია რომ აუზი და კლუბი კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მომავალში მრავალფეროვანი შესაძლებლობები შევთავაზოთ საზოგადოებას.
გვსურს, დავამშვიდოთ ჩვენი კლუბის წევრები და ყველა დაინტერესებული პირი: ვაკის საცურაო აუზი აგრძელებს მუშაობას და არანაირი სხვა საკითხი დღის წესრიგში არ დგას", - აღნიშნულია განცხადებაში.
16 სექტემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ვაკის საცურაო აუზი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე 49-ში მდებარეობს, ტაჯიკ ბიზნესმენზე, მირზო ჯამშედზე გასხვისდა.