თბილისი (GBC) - შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 16.3 ათას ლარის ღირებულების ტენდერს „ვისოლ ავტო ექსპრესი“ იგებს.
ტენდერში წინადადებების მიღება 21 თებერვალს დასრულდა და ამჟამად ხელშეკრულება დადებულია.
ტენდერი გულისხმობს „თბილსერვის ჯგუფის“ ბალანსზე არსებული სპეცავტომობილებისთვის 40 ერთეული საბურავების შეძენას.
ტენდერში 2 კანდიდატი მონაწილეობდა. „თეგეტა რითეილის“ შეთავაზება 16.3 ათას ლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც „ვისოლ ავტო ექსპრესი“ აღნიშნულ მომსახურებას 5%-ით დაბალ ფასში – 15.5 ათას ლარად შეასრულებს.
„ვისოლ ავტო ექსპრესმა“ გასულ თვეში, თეგეტას კიდევ ერთი ტენდერი მოუგო, რომლითაც „საქართველოს მელიორაციას“ ექსკავატორის JONYANG JYL საბურავებს მიაწვდის. ამ შემთხვევაში თეგეტა რითეილის 63.7 ათას ლარიან შეთავაზებას „ვისოლ ავტო ექსპრესმა“ 47%-ით დაბალი ფასი - 33.7 ათასი ლარი შესთავაზა. აღნიშნულ ტენდერს კიდევ 2 მონაწილე ჰყავდა - შპს „უნივერსალი“ - (59.2 ათასი ლარი) და შპს „მოდერნ თაიერ დილერს“ – (43.9 ათასი ლარი).
„ვისოლ ავტო ექსპრესი“ დაფუძნებულია 2010 წელს. ტენდერების მონიტორის მიხედვით, კომპანიას 132 ტენდერი აქვს მოგებული სავარაუდო ღირებულებით 6.9 მლნ ლარი.
კომპანიის წილის 100% სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ეკუთვნის, რომლის აქციონერთა სტრუქტურა შემდეგია:
ლევან ფხაკაძე - 35.77%; სამსონ ფხაკაძე - 30.98%; გიორგი რამიშვილი - 15.5%; ნუგზარ აბრამიშვილი - 8.25%; ალექსი თოფურია - 7.12%; დევიდ ბორგერი - 2.38%.