თბილისი (GBC) – ბოლო წლების განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვირტუალური ზონის პირების (ვზპ) საგადასახადო შემოწმებისას დაფიქსირებულმა მიდგომებმა აჩვენა, რომ საქართველოში 2011 წელს შექმნილი „საგადასახადო ოაზისის“ გამო შემოსული ვზპ–ებისთვის საგადასახადო დაბეგვრის მარეგულირებელი კანონმდებლობა მეტისმეტად ორაზროვანია. 

კანონმდებლობა უხეშ შეუსაბამობებსა და ხარვეზებს შეიცავს, ამის გამო კი საგადასახადო შეღავათების ნაცვლად ბაზარზე შემოსული საერთაშორისო IT-კომპანიები მილიონობით ლარის ჯარიმებს იღებენ

ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარე შორენა კოპალეიშვილის თქმით, საკითხის აქტუალობაზე და ამ მიმართულებით არსებულ მრავალმხრივ გამოწვევებზე მეტყველებს ის გარემოება, რომ შემოსავლების სამსახურმა ვზპ-ის სტატუსის მქონე თითქმის ყველა კომპანია შეამოწმა, რის შედეგადაც უამრავი კომპანია დაჯარიმდა (დარიცხული იქნა ძირითადი გადასახადი, ჯარიმა და საურავის თანხები) გადასახადების არასწორად დეკლარირების გამო.

დანაღმული საგადასახადო კანონმდებლობა

ასოციაციის და მისი პარტნიორების შეხედულებით, მხოლოდ ამ უკანასკნელი ფაქტის არსებობა, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა რაიმე სახის განსაკუთრებული საგანგაშო სიგნალის მანიშნებელი, რომ არა რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი გარემოება:

პირველი საკითხი, არის ის, რომ კანონმდებლობის ორაზროვნების გამო შემოსავლების სამსახურმა მრავალი კომპანია არათუ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, არამედ მის მიერვე შემუშავებული ე.წ. მეთოდური მითითების საფუძველზე დააჯარიმა, სრულიად განსხვავებული მიზეზების გამო.

მეორე,  მას შემდეგ, რაც უამრავი კომპანია დაჯარიმდა, შემოსავლების სამსახურმა რამდენჯერმე შეცვალა მიდგომები (გამოიცა რამდენიმე მეთოდური მითითება), რის მიხედვითაც აშკარად გამოჩნდა, რომ პირველ ეტაპზე შემოწმებული მეწარმეების დაჯარიმების შემდგომ გამოცემული სახეცვლილი მეთოდური მითითების მიხედვით კომპანიები აღარ ექვემდებარებოდნენ დაბეგვრასა და დაჯარიმებას, ზუსტად იმავე საკითხებზე, რაზეც მოხდა შემოწმების პირველ ტალღაში მოყოლილი კომპანიების დაჯარიმება. ამით აშკარად გამოიკვეთა მრავალი კომპანიის არასწორად დაჯარიმების ფაქტები.

მესამე საკითხად ასოციაციის თავმჯდომარე, უმაღლესი კვალიფიკაციის, მრავალწლიანი გამოცდილების იურისტი ასახელებს იმ გარემოებას, რომ დროის მოკლე შუალედში (დაახლოებით წელიწადნახევარში) შემოსავლების სამსახურმა 3 ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მეთოდური მითითება გამოსცა და ვზპ-ის  დაბეგვრის პრინციპულ საკითხებზე მოხდა შემოსავლების სამსახურის მიდგომების მინიმუმ 3-ჯერ შეცვლა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ თავად შემოსავლების სამსახური არ იყო ბოლომდე ჩამოყალიბებული ვზპ-ის საგადასახადო დაბეგვრის ბევრ დეტალზე.

ამას გარდა მრავალი საკითხი ვზპ დაბეგვრასთან მიმართებით დღემდე ორაზროვანი და დაურეგულირებელია და უკიდურესად მაღალია ალბათობა იმისა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მოვლენები ზუსტად იგივე სცენარით განვითარდეს, როგორც ეს ბოლო 3 წლის განმავლობაში მოხდა. ანუ, უკიდურესად მაღალია ალბათობა იმისა, რომ კვლავ მოხდეს კომპანიების დაჯარიმება ამა თუ იმ ახალ-ახალი საფუძვლითა და მიზეზით, რაც დღემდე ორაზროვნად არის გაწერილი შემოსავლების სამსახურის მიდგომების ამსახველ მეთოდურ მითითებებში. შემდგომში მიდგომების ცვლილების შედეგად  კი შეიძლება აშკარად გამოჩნდეს პირველ ეტაპზე დაჯარიმებული კომპანიების მიმართ გამოყენებული მიდგომები არასწორი იყო.

უდავოდ შედავების კაზუსები

უკანასკნელი წლების განმავლობაში შემოსავლების სამსახური ვზპ-ებს ედავებოდა შემდეგ საკითხებზე:

1. შემოსავლების სამსახურის თავდაპირველი მიდგომით ვზპ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიები საქართველოში წარმოებულად არ ეთვლებოდათ და მოგების გადასახადის შეღავათი უუქმდებოდათ, თუ ვზპ-ის მიერ პროდუქტის შექმნა არსებითად არ  მოხდებოდა საქართველოში დაქირავებული პირების მეშვეობით. ამ უკანასკნელად შემოსავლების სამსახური შემოწმებების დაწყების პირველ ეტაპზე თვლიდა, რომ თუ ე.წ. პროგრამისტების მაღალი პროცენტი (80%, 90%, 100%) არ იქნებოდა დაქირავებული საქართველოში, კომპანიას მოგების გადასახადის შეღავათი არ ეკუთვნოდა. ამ საფუძვლით მოხდა უამრავი კომპანიის დაჯარიმება, რის შემდგომაც გამოცემული იქნა მეთოდური მითითებები, რითაც გაირკვა, რომ პირველ ეტაპზე დაჯარიმებული კომპანიებისთვის თანხების დაკისრება მოხდა არასწორად (ამჟამად მეთოდურ მითითებაში აღნიშნულია, რომ ერთი დაქირავებული, ერთი მომსახურების გამწევი ან ერთი რეზიდენტი დამფუძნებლის მიერ პროგრამის შექმნაში მონაწილეობაც საკმარისია საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტის საქართველოში წარმოებულად მიჩნევისთვის).

2. გამომდინარე იქიდან, რომ ვზპ-ის საგადასახადო შეღავათი დაწესებული იქნა მხოლოდ მოგების გადასახადის ნაწილში და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ვზპ შეღავათით არ სარგებლობდა, შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა უამრავი კომპანიის დაჯარიმება დივიდენდად გაცემული თანხების ხელფასად გადაკვალიფიცირებისა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის გამო. შემოსავლების სამსახურმა სხვადასხვა დროს გამოიყენა განსხვავებული მიდგომები და ვზპ-ს მიერ გაცემული დივიდენდები განიხილა გაცემულ ხელფასად და საშემოსავლო გადასახადით დაბეგრა, ზოგ შემთხვევაში შემოსავლის 40%-ის შესაბამისი თანხით, ზოგჯერ კი ერთ ადამიანზე 5000 ლარამდე თანხით, რაც მოგვიანებით შემოსავლების სამსახურისვე გამოცემული მეთოდური მითითების მიხედვით მიჩნეულ იქნა არასწორ მიდგომად.  შედეგად კი მრავალი კომპანიის დაჯარიმების შემდგომ თავად შემოსავლების სამსახურმა აღიარა, რომ მის მიერ გამოყენებული მიდგომები საწყის ეტაპზე დივიდენდის ხელფასად გადაკვალიფიცირების ნაწილში იყო არასწორი.

3. კომპანიების დაჯარიმება მოგების გადასახადის ნაწილში მოხდა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ კომპანიების მიერ არარეზიდენტისთვის თანხების გადახდისას გამოყენებული იქნა ორმაგი დაბეგვრისგან თავიდან აცილების საერთაშორისო შეთანხმების დებულებები და გადახდილი თანხების დაბეგვრა არ მოხდა გადახდის წყაროსთან.  ამ უკანასკნელი გამო შემოსავლების სამსახურმა არაერთ კომპანიასთან მიმართებით მიიჩნია, რომ არარეზიდენტზე გადახდილი მომსახურების თანხებთან მიმართებით ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების საერთაშორისო შეთანხმებების გამოყენება, გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადების ნაწილში, არის მოგების გადასახადში ვზპ-სთვის დადგენილი შეღავათის გაუქმების საფუძველი,  რაც აშკარად წარმოადგენს არსებული კანონმდებლობის არასწორ ინტერპრეტაციას და განპირობებულია ვზპ-ის კომპანიების საგადასახადო დაბეგვრის მარეგულირებელი კანონმდებლობის ორაზროვანი და ბუნდოვანი დებულებებით.

4. ვზპ-ების დაჯარიმება მოხდა სხვა მრავალი უსაფუძვლო მიზეზითაც, რის შემდგომაც  ზოგიერთ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის მიერ მოგვიანებით გამოცემული მეთოდურ მითითებიდან აშკარა გახდა, რომ აღნიშნული საფუძვლით გადამხდელებისთვის თანხის დარიცხვა შეუსაბამობაში იყო მოქმედ კანონთან, ზოგიერთ საკითხთან მიმართებით კი  კანონის ბუნდოვანება და ორაზროვნება დღემდე არ არის აღმოფხვრილი, მ.შ. არც შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებულ მეთოდურ მითითებაშიც.

საგადასახადო ექსპერტები ვზპ-ის საგადასახადო დაბეგვრაში არსებულ კიდევ ერთ დიდ პრობლემაზე საუბრობს: აღნიშნული სტატუსის მქონე პირების საგადასახადო დაბეგვრის მოწესრიგება უნდა მოხდეს არა შემოსავლების სამსახურის მიდგომების ამსახველი მეთოდური მითითებების დონეზე (რაც არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს), არამედ საქართველოში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის დონეზე, რაც ითვალისწინებს ცვლილებებისა და დამატებების შეტანას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში (კერძოდ საგადასახადო კოდექსში), საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ საქართველოს კანონსა და საქართველოს მთავრობის №49 დადგენილებაში.

გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის ბოლო (მესამე) მეთოდური მითითება დღემდე არ განმარტავს და არეგულირებს ვზპ-ების საგადასახადო დაბეგვრის მრავალ საკითხს, რაც ხელს უშლის აღნიშნული სექტორის განვითარებას საქართველოში.

საკანონმდებლო ცვლილებები – ერთადერთი გამოსავალი

„მიუხედავად იმ უამრავი პრობლემისა, რაც ვზპ-ის საგადასახადო დაბეგვრის სფეროში არსებობდა და არსებობს, ასევე მიუხედავად იმისა, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ვზპ-ის კომპანიებთან მიმართებით ადგილი ჰქონდა ასეულობით (თუ არა ათასეულობით) კომპანიის არასწორად დაჯარიმებას შემოსავლების სამსახურის მხრიდან, შეიძლება ითქვას რომ ვზპ კომპანიები მომავლის იმედით კვლავინდებურად წარმატებით აგრძელებენ  ოპერირებას საქართველოში და დიდი წვლილი შეაქვთ როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ასევე ჩვენს ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და ჩვენი ქვეყნის საინფორმაციო ტექნოლოგიების ჰაბად გარდაქმნის საქმეში“, – განგვიმარტეს ასოციაციაში.

მათივე თქმით, მიუხედავად იმ უამრავი პრობლემისა და გამოწვევებისა, რაზეც არასრულად იქნა აღნიშნული ზემოთ, ვზპ კომპანიებმა დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ყველა მიმართულებით, კერძოდ:

1. ვზპ კომპანიების საქართველოში გადახდილი გადასახადების ოდენობა 2011-2022 წლებში შეადგენს 70 მილიონ ლარზე მეტს.

2. ვზპ კომპანიებში დასაქმებულია ასობით საქართველოს მოქალაქე.

3. ვზპ-ის სტატუსი 1000–ზე მეტ კომპანიას მიენიჭა. მათ შორის არიან მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი და დარგის ლიდერი კომპანიები, რომელთა საქართველოში შემოსვლას თან ახლდა აღნიშნულ სფეროში არსებული დიდი გამოცდილებისა და ცოდნის, ასევე მრავალმილიონიანი ინვესტიციების შემოდინება ჩვენს ქვეყანაში, რაც საქართველოს განვითარებისთვის დამატებითი იმპულსის მიმცემია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ასოციაციის გუნდს მიაჩნია, რომ საქართველოს განვითარებისთვის ასეთი პერსპექტიული დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობა უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და გაწერილი შესაბამისი საკანონმდებლო აქტებში და არ უნდა იძლეოდეს შემოსავლების სამსახურის მხრიდან არასწორი ინტერპრეტირების საშუალებას. ვზპ-ს სტატუსის მქონე კომპანიების საგადასახადო დაბეგვრის ყველა დეტალი გაწერილი უნდა იქნეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში და აღნიშნული სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში და არა შემოსავლების სამსახურის მეთოდურ მითითებებსა თუ ე.წ. სიტუაციურ სახელმძღვანელოებში, რასაც არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. გარდა ამისა, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, თავად შემოსავლების სამსახური მიდრეკილია იმისკენ, რომ ვზპ-ის დაბეგვრის მნიშვნელოვან და პრინციპულ საკითხებზე შეცვალოს მისი მიდგომები და მოახდინოს მრავალი კომპანიების არასწორად დაჯარიმება იმ პირობებში, როდესაც ეს საკითხები არ არის სათანადოდ დარეგულირებული მოქმედი კანონით.

სწორედ ამიტომ აუცილებელია მოხდეს ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ისეთ საკანონმდებლო აქტებით, როგორიცაა:

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში

2. საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ საქართველოს კანონში

3. ვზპ-ის სფეროს მარეგულირებელ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში.

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის არსი და მოსალოდნელი შედეგები

კანონში ცვლილებების პროექტის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით მოხდება მთელი რიგი პრობლემური საკითხების მოწესრიგება.

მათივე აზრით, ცვლილებების პაკეტის მიღებით მოხდება საინფორმაციო ტექნოლოგიების განმარტების დაზუსტება, ასევე ზუსტდება, რომ ვზპ-ის საქმიანობის სახეებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

ასევე, განახლებული კანონმდებლობით, საქართველოში წარმოებული საინფორმაციო ტექნოლოგიების განმარტება შემოდის, რის შემდგომაც აღარ იქნება სადავო ვზპ-ს მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიების პროდუქტის საქართველოში წარმოებულად მიჩნევის საკითხი. ამით კი აღმოიფხვრება შემოსავლების სამსახურის მანკიერი პრაქტიკა ერთი და იგივე სიტუაციაში სხვადასხვა კომპანიებთან მიმართებით განსხვავებული მიდგომების გამოყენებასთან დაკავშირებით და გაცილებით უფრო ადვილად იქნება პროგნოზირებადი ვზპ კომპანიების მიერ მოგების გადასახადში დაწესებული შეღავათებით სარგებლობა.

საკანონმდებლო ინიციატივის პროექტის ავტორების განმარტებით, ცვლილებების პაკეტის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის შემდეგ ემატება 25-ე პრიმა მუხლი, რომლითაც დარეგულირდება ვზპ-ის საგადასახადო დაბეგვრის მრავალი საჭირბოროტო საკითხი კერძოდ:

1. ხაზგასმა ხდება იმაზე, რომ ვზპ-ის მიერ  საგადასახადო შეღავათების მინიჭების საკითხი რეგულირდება მხოლოდ საგადასახადო კოდექსის დებულებებით.

2. კეთდება პირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ ვზპ-ს შეუძლია საინფორმაციო ტექნოლოგიების პროდუქტის წარმოებასთან ერთად დაკავდეს სხვა საქმიანობითაც, რაც არ იწვევს მისი სტატუსის გაუქმებას.

3. კეთდება ხაზგასმა, რომ ვზპ-ის მიერ მოგების გადასახადის შეღავათის გამოყენება არ არის დამოკიდებული ორმაგი დაბეგვის თავიდან აცილების საერთაშორისო შეთანხმებით ან სსკ-ით განსაზღვრული სხვა შეღავათების გამოყენებაზე.

4. ვზპ-ის მიერ გადახდილი თანხების დივიდენდად განხილვისას აღარ მოხდება იმავე თანხების ხელფასის თანხებად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა ხელფასის საბაზრო ოდენობის შესაბამისად (შემოსავლის 40%, საბაზრო ხელფასი, 5000 ლარი და ა.შ.), მ.შ. მაშინაც, თუ მოგების გადასახადში ხდება ვზპ-ის საგადასახადო შეღავათის გამოყენება.

5. დასაბეგრი და განთავისუფლებული საქმიანობის განხორციელებისას დგინდება განთავისუფლებული მოგების თანხების გამოანგარიშების წესი (მთლიან შემოსავლებში გათავისუფლებული შემოსავლის პროპორციულად).

6. ასევე კეთდება ხაზგასმა, რომ სსკ-ის 99-ე მუხლის მიხედვით მოგების გადასახადისგან  თავისუფლდება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში წარმოებული საინფორმაციო ტექნოლოგიების პროდუქტის მიწოდება, ეს უკანასკნელი კი განისაზღვრება სსკ-ის მე-8 მუხლით.

7. სსკ-თან შესაბამისობაში მოდის საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ საქართველოს კანონი.

ასე რომ, ეკონომიკის ამ უმნიშვნელოვანესი დარგის გამართულად, სიურპრიზების გარეშე ამუშავებისა და გააქტიურების ბედი უკვე დეპუტატების კენჭისყრის ღილაკებიდან გადაწყდება.