თბილისი (GBC) – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები 1–ლი სექტემბრიდან შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში ცვლილებები შეეხო სესხისა და ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას და იგი 2 პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა. აღნიშნული  ცვლილებები 1- ლი სექტემბრიდან შევა ძალაში.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალი საგრანტო კომპონენტებით: მაღალმთიანი, აგროტურისტული, მწვანე, გაციფრულების, კვლევა და განვითარების (R&D) მიმართულებებით. ამასთან, ქალი მეწარმეებისთვის ჩამოთვლილ ყველა კომპონენტში იზრდება გრანტის ოდენობა.

ცვლილებები განხორციელდა მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაშიც, რომელსაც ემატება ახალი ეკონომიკური საქმიანობები, მათ შორის: კვების პროდუქტების წარმოება, სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების რამდენიმე კატეგორია და სხვა ერთწლიანი კულტურების მოყვანა.