თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 9.4%-ით ნაკლები, სულ 3.2 მლნ ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 7.1% მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 33.8% — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59.1% — ტრანზიტზე.
2025 წლის II კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 75.3% მოდის ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 24.7% კი — ქვეყნიდან გატანილზე.
2025 წლის II კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 32.9%-ს გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 30.3%-ს გამომგზავნს — აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10%-ზე ნაკლები იყო (ჯამურად 36.8%).
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 13.5%-ს დანიშნულების ქვეყანას სომხეთი წარმოადგენდა, 10%-სას — ყაზახეთი, 9.7%-სას — რუსეთის ფედერაცია, ტვირთის მიმღები თითოეული დანარჩენი ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო (ჯამურად 66.8%).
2025 წლის II კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 15.9% — ნიდერლანდები, 12% — თურქეთი, 7.6% — ჩინეთი, 2.8% — იტალია, 1.9% — აშშ, 1.3% — უკრაინა, 0.6% — რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 7.2%-ს გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 3.5%-სას — თურქეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.
საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 37.5% მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; 20.8% — ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 10.7% — ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე.
2025 წლის II კვარტალში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 45.9% ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 30.2% ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 11.5% — სატრანსპორტო აღჭურვილობის სასაქონლო ჯგუფს. რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (43.8%), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (19%), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (15.3%), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (8%), ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (4.2%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (2.4%) და ძირითადი ლითონები (1.9%); ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (40.5%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (26.1%), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (13%) და ძირითადი ლითონები (10.9%).
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 80.3% სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (40.8%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (28.5%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (11%).
2025 წლის II კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 428 ათასი მგზავრი, რაც 18.5%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 93.9 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 22.2%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2025 წლის II კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 423 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.8%-ს შეადგენს და 18.9%-ით ჩამორჩება 2024 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 5 ათასი მგზავრი, რაც 43.2%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 64.1% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 35.9% (2025 წლის II კვარტალში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).