თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ ორშაბათს გაკეთებული განცხადებით, ხელისუფლების ამოცანაა, 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდეს და პორტმა პირველი გემები მიიღოს.
მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია როგორც საქართველოს პარტნიორებსა და მეზობელ ქვეყნებში, ისე ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის რეგიონებში.
კობახიძემ აღნიშნა, რომ სამუშაოების ტემპი მაქსიმალურად დაჩქარდა მას შემდეგ, რაც კონტრაქტის გადახედვის შედეგად მისი ღირებულება დაახლოებით $50 მლნ-ით შემცირდა. მან ამ შედეგისთვის მადლობა გადაუხადა ეკონომიკის სამინისტროსა და პირადად მინისტრს. პრემიერის განცხადებით, სამუშაოების შეუფერხებელი მსვლელობა იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ 2029 წლისთვის პორტი პირველ გემებს მიიღებს.
პრემიერის განცხადებას წინ უძღოდა ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაცია, რომლის თანახმად, 1 აგვისტოს ანაკლიის საზღვაო აკვატორიაში ფსკერის დაღრმავების სამუშაოების ჩასატარებლად პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შემოვიდა. უწყების ცნობით, გემი ტალღმტეხის არხის მოსაწყობად მუშაობას კანონით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ დაიწყებს.
პროექტის მიხედვით, ანაკლიის ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17.5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1 380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში სამშენებლო სამუშაოებს ბელგიური კომპანია, ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრი Jan De Nul N.V. ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. ეკონომიკის სამინისტროს მიერ ტენდერში ბელგიური კომპანიის გამარჯვების შესახებ ცნობილი 2024 წლის 1 აგვისტოს გახდა.
როგორც ივლისის დასაწყისში გამოცხადდა, საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს მსოფლიოში აპრობირებული „ლენდლორდის“ მოდელით აშენებს. ეს მოდელი სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, პორტი განავითაროს არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც ტვირთების მოზიდვისა და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის. საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, მთავრობა უზრუნველყოფს ნავსადგურამდე მისასვლელი საავტომობილო და სარკინიგზო გზების მოწყობასაც.
ამასთან, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, ინვესტორს პორტის მხოლოდ 49%-იანი წილი ექნება, ხოლო საკონტროლო 51%-ს სახელმწიფო შეინარჩუნებს. 2024 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ჩაიბარებდა.
თავდაპირველი პროექტით, პირველი გემი ანაკლიის პორტს 2020 წელს უნდა მიეღო. სწორედ იმ წელს გაუწყვიტა „ქართული ოცნების“ მთავრობამ 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ (ADC). კონსორციუმში შედიოდნენ „თიბისი ჰოლდინგ ანაკლია“ (საქართველო), Van Oord PPP International (ნიდერლანდები), Wondernet Express (ბრიტანეთი), შპს G-Star (ბულგარეთი), Conti International (აშშ) და ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი.
იმ პერიოდში ოფიციალურ მიზეზად მთავრობამ ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა, ხოლო თავად კონსორციუმი სახელმწიფოს მხრიდან ხელის შეშლაზე მიუთითებდა. აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფომ ორი საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა მოიგო, რის შემდეგაც პორტის მშენებლობის საკუთარი სახსრებით გაგრძელების პირობა დადო.
