თბილისი (GBC) – აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოსთვის $250 მილიონი დოლარის სესხი დაამტკიცა თბილისის სტრატეგიული მნიშვნელობის შემოვლითი გზის მშენებლობის დასაფინანსებლად. პროექტი მიზნად ისახავს სატრანსპორტო გადატვირთვის შემცირებას და საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის როლის გაძლიერებას.
ADB-ის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს თბილისის შემოვლითი გზის 18.9-კილომეტრიანი, ოთხზოლიანი მონაკვეთის მშენებლობას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მნიშვნელოვან ნაწილს განაახლებს. დაფინანსება მოხმარდება ლოტ 4-ს (თბილისის აეროპორტი–ლოჭინი) და ლოტ 5-ს (ლოჭინი–რუსთავი).
ბანკის შეფასებით, ახალი გზა შეამცირებს დედაქალაქში სატრანსპორტო დატვირთვას, დააჩქარებს ტვირთებისა და მგზავრების გადაადგილებას, შეამცირებს საწვავის ხარჯებსა და გამონაბოლქვს.
ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის საქართველოში ლესლი ბეარმან ლამის განცხადებით, საქართველოს მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე ქვეყანას რეგიონულ სატრანსპორტო ჰაბად ჩამოყალიბების შესაძლებლობას აძლევს.
ADB-ის ცნობით, ახალი პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს ჩართულობას ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მეორე დერეფანში, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს.
აზიის განვითარების ბანკმა 2007 წლიდან საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის $2.3 მილიარდზე მეტი გამოყო. საერთო ჯამში, ADB-ის მხარდაჭერა საქართველოსთვის თითქმის $6 მილიარდს შეადგენს.
