თბილისი (GBC) - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახლად შექმნილი სსიპ „გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარედ ლევან ქარუმიძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ლევან ქარუმიძის პროფესიული გამოცდილება ხელს შეუწყობს სააგენტოს ეფექტიან საქმიანობას, ქართული გასტრონომიის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას, გასტრონომიული მემკვიდრეობის განვითარებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას.

ლევან ქარუმიძეს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც მართვის, ისე საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. 2020-2024 წლებში იგი ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მოგვიანებით კი პირველი მოადგილის თანამდებობებს იკავებდა. ამასთან, იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.

სხვადასხვა დროს მას ასევე ეკავა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობა, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით და ხელმძღვანელობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ-ებს.

ცნობისთვის, სსიპ „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 ივლისის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა. უწყების მთავარი მიზანია ქვეყნის გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება, პოპულარიზაცია და საერთაშორისო ასპარეზზე წარდგენა, ასევე გასტრონომიის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირება და განხორციელება.