თბილისი (GBC) – საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული, ე.წ. Landlord-ის მოდელით აშენდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ორშაბათის ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნული მოდელის მიხედვით, სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრე და თავად უზრუნველყოფს მის განვითარებასა და მართვას. მინისტრის განმარტებით, Landlord-ის მოდელი ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით განავითაროს, რაც საუკეთესო პირობებს შექმნის ტვირთების მოსაზიდად.
საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, სახელმწიფო საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას. რაც შეეხება საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალებს, ამ მიმართულებით საჭირო ინვესტიციებს საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები განახორციელებენ.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად მიესალმება ანაკლიის პორტში „შუა დერეფნის“ მონაწილე ქვეყნებიდან - ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებულ ინვესტიციებს.
„მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს, პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალისა და ტვირთნაკადის თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის პროექტის საკვანძო მონაწილედ აქცევს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თავდაპირველი პროექტის მიხედვით, ნავსადგურს პირველი გემი ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა მიეღო. თუმცა, სწორედ იმ წელს საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება გააუქმა, რამაც პროექტის განხორციელება წლებით შეაფერხა.
მოგვიანებით, 2024 წლის 29 მაისს, მთავრობამ გამოაცხადა, რომ პორტის 49-პროცენტიან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company ჩაიბარებდა. ეს ფირმა ჩინეთის ამბიციური გლობალური პროექტის, „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა, თუმცა, ამავდროულად, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში განხორციელებული დესტრუქციული ქმედებების გამო შეერთებულ შტატებს „შავ სიაში“ ჰყავს შეყვანილი.
მიუხედავად ჩინური მხარის გამოჩენისა, პროექტით დასავლელი პარტნიორებიც ინტერესდებიან. 2026 წლის მარტში ანაკლიის პორტის გეგმა თბილისში ვიზიტად მყოფ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის გააცნეს. ამ დროისთვის ოფიციალური საინვესტიციო ხელშეკრულება მხარეებს შორის ჯერ კიდევ არ არის გაფორმებული და დეტალურ შეთანხმებაზე მუშაობა გრძელდება.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ეტაპზე პორტის პირველი ფაზის დასრულება 2029 წლისთვის არის მოსალოდნელი. პორტის მშენებლობის პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობაზეც.
