თბილისი (GBC) – ყაზახეთმა და ჩინეთმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე ტვირთების ტრანზიტული ავტოგადაზიდვა სატესტო რეჟიმში დაიწყეს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტო Report-ს ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროში უთხრეს.
„აქტაუში ყაზახეთ–ჩინეთის ერთობლივი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელიც ავტოგადაზიდვებზე მუშაობს. შეხვედრის ფარგლებში ისტორიაში პირველად მისცეს სტარტი ტვირთების სატრანზიტო ავტოგადაზიდვას ჩინეთი–ყაზახეთი–აზერბაიჯანი–საქართველოს მარშრუტზე“, – აღნიშნეს უწყებაში.
კერძოდ, ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, პირველი სამი ჩინური სატვირთო, რომლებიც 80 ტონას იწონის, ჩინეთის ქალაქ ურუმჩიდან 23 მაისს გამოემართა და ბორანზე დადგნენ კურიკის პორტში, შემდგომ ბაქოს პორტში გადასასვლელად მარშრუტზე ჩინეთი–ყაზახეთი–აზერბაიჯანი–საქართველო.
ჩინეთსა და ყაზახეთს შორის სატრანზიტო ავტოგადაზიდვების ორგანიზებაზე შეთანხმებას 2023 წელს მოეწერა ხელი.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი საერთაშორისო დერეფანია, რომელიც ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე, თურქეთზე და შემდეგ ევროკავშირში გადის.