თბილისი (GBC) - recov.ge-ის ინფორმაციით, 2025 წლის აპრილში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, 2024 წლის აპრილთან შედარებით, 12.9%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში 6.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო გარეუბანში საშუალო შეწონილმა ფასმა 8.1%-ით მოიმატა.

ზრდის განმაპირობებელი ძირითადად პირველადი ბაზარია, სადაც ქალაქის მასშტაბით საშუალო შეწონილი ფასი 13.8%-ით გაიზარდა. (პირველად ბაზარზე ზოგიერთი ტრანზაქციები გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.) ახალაშენებული ბინების მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.5%-ით გაიზარდა.

2025 წლის აპრილში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,256 ერთეული შეადგინა და წინა წლის მარტთან შედარებით მცირე 2.6%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 6.6%-ით, 244 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. 

2025 წლის აპრილში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის აპრილთან შედარებით 7.5%-ით გაიზარდა გარეუბანში, ქალაქის ცენტრში - 4.4%-ით, ხოლო ფართო ცენტრში სულ რაღაც 1.5%-იანი კლება დაფიქსირდა.

recov.ge-ის ინფორმაციით, 2025 წლის აპრილში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 5%-იანი ზრდა ფიქსირდება, ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა მოხდა პირველადი ბაზრის ხარჯზე. გასათვალისწინებელია, რომ ახალ კორპუსებში პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილს დეველოპერები გვიან არეგისტრირებენ, რაც ართულებს პირველადი ბაზრის ზუსტი სურათის აღქმას. ძველ პროექტებში ნარჩუნდება კლების ტენდენცია - 2024 წლის აპრილთან შედარებით მაჩვენებელი 21.3%-ით არის შემცირებული.