თბილისი (GBC) - მიმდინარე წლის აპრილის თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 20 487 კოლოფი სიგარეტის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 69 ფაქტი გამოავლინეს. აქციზური მარკის გარეშე ამოღებულმა თამბაქოს ნაწარმის საერთო ღირებულებამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
50 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 155² მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა.
5 შემთხვევის მიმართ, საქმის მასალები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის შესაბამისად თამბაქოს ნაწარმი ექვემდებარება აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას და აღნიშნული პროცესი, უწყების მიერ მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება.