თბილისი (GBC) - სომხეთის „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ საერთაშორისო მატარებელი ერევანი-ბათუმი-ერევნის მარშრუტზე კურსირებას 14 ივნისს დაიწყებს. ამის შესახებ ერევანში „საქართველოს რკინიგზისა“ და „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ წარმომადგენლები 20 მაისს შეთანხმდნენ.

სომხური მედიის ინფორმაციით, მატარებელი დღეგამოშვებით იმოძრავებს, ლუწ რიცხვებში - ერევნიდან, კენტ რიცხვებში კი - ბათუმიდან.

მატარებელზე ბილეთების გაყიდვა უახლოეს მომავალში დაიწყება. მარშრუტის მოქმედების პერიოდში - 14 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე - ერევანი-თბილისი-ერევნის მარშრუტზე მატარებლის მოძრაობა გაუქმდება.

სამხრეთ კავკასიის რკინიგზის გენერალური დირექტორის, ალექსეი მელნიკოვის სიტყვებით, სომხეთის მოქალაქეებსა და მის სტუმრებს შორის საერთაშორისო მარშრუტზე მოთხოვნა ტრადიციულად მაღალია.

„მგზავრთნაკადი ზაფხულის სეზონზე საკმაოდ აქტიურია და ჩვენს ქართველ კოლეგებთან ერთად აქტიურად ვემზადებით მისი დაწყებისთვის. საერთაშორისო მატარებლის გარდა, ერევნიდან სევანისა და შორჟის მიმართულებით სეზონური ელექტრომატარებელიც იმოძრავებს. ეს საკმაოდ პოპულარული ზაფხულის მარშრუტებია და სამხრეთ კავკასიის რკინიგზა ყველაფერს გააკეთებს მათი უსაფრთხო და კომფორტული ორგანიზებისთვის“, - თქვა გუშინ მელნიკოვმა.

გუშინდელ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის ბაზაზე ტურისტული მატარებლის გაშვების საკითხი, რომელიც სომხეთში სამი, ხოლო საქართველოში ექვსი დღის განმავლობაში იმოძრავებს. ინიციატორი იყო ჩეხური კომპანია „გეპარდ ექსპრესი“, რომელიც მარშრუტზე ძირითადად ევროპელი ტურისტების მოზიდვას გეგმავს.