თბილისი (GBC) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2024 წლისთვის 0.7 პ.პ-ით 5.2%-მდე გაზარდა. ბოლო პროგნოზი ევრობანკს 2023 წლის სექტემბერში ჰქონდა გამოქვეყნებული და მაშინ ის საქართველოს 4.6%-იან ზრდას უწინასწარმეტყველებდა. 

კავკასიის რეგიონში EBRD ზომიერ ზრდას პროგნოზირებს 4.1%-ით 2024 წელს, სანამ 2025 წელს 3.5%-ს მიუახლოვდება, რაც, მათი თქმით, საშუალოვადიანი პოტენციური ზრდის შეფასებებს შეესაბამება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ კავკასიამ და ცენტრალურმა აზიამ მიიღო ფულის, ბიზნესისა და ხალხის მნიშვნელოვანი შემოდინება. მათივე ვარაუდით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის მაღალკვალიფიციურმა პროფესიონალებმა, დატოვეს რუსეთი. მათ შორის, ბანკის თქმით, ბევრმა დასახლება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში აირჩია, სადაც ენობრივი და კულტურული სიახლოვით და შედარებითი მარტივი ბინადრობის მოპოვებისა და საბანკო ანგარიშების გახსნის შესაძლებლობებით ისარგებლეს.

მათ შორის, CCA-ს პატარა ქვეყნებმა, საერთო პოპულაციასთან შედარებით, რუსი მიგრანტების წილის უფრო დიდი ზრდა დაინახეს. მაგალითად, 2022 წელს ახალჩამოსულები საქართველოს მოსახლეობის 3%-ს და სომხეთის 2.5%-ს შეადგენდნენ.

საფინანსო ინსტიტუტის გათვლებით, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივლისამდე პერიოდში, საქართველოში სავარაუდოდ, 20,000-ზე მეტი რუსი IT სპეციალისტი (რომლებიც ასევე საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ) და 21,000-ზე მეტი იურიდიული კომპანია დაფუძნდა. ამასთანავე, ქვეყნის კომერციულ ბანკებში მიგრანტების მიერ, 100,000 საბანკო ანგარიში გაიხსნა.

EBRD საქართველოს ძირითადი რისკების წარმომქმნელად გეოპოლიტიკურ არასტაბილურობას რეგიონში და შიდა პოლიტიკურ პოლარიზაციას ასახელებს. პოტენციურ პროგრესს რაც შეეხება, ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს შეუძლია შექმნას უფრო სტაბილური გარემო და სტიმული მისცეს ზრდის ხელშემწყობ რეფორმებს.

EBRD-ის პროგნოზები 25 აპრილის მდგომარეობით მაჩვენებლებზე დაყრდნობით აქვს მომზადებული. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშში არაფერია ნათქვამი.