თბილისი (GBC) - აშშ-ის ტარიფებმა სავაჭრო გზების გადამისამართება გამოიწვია, თუმცა ვაჭრობა იმაზე ნაკლებად დააზიანა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამან გარკვეულ განვითარებად ბაზრებზე მოსალოდნელზე დიდი ეკონომიკური ზრდა გახადა შესაძლებელი, აცხადებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD).
იმ 40 ქვეყანაში, რომლებსაც ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ფარავს, ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულზე მეტად - 3.4%-ით გაიზარდა. თუმცა, ბანკი აფრთხილებს, რომ განგრძობადმა სავაჭრო არეულობამ შესაძლოა ზოგიერთი ეკონომიკის ზრდა მაინც შეაფერხოს.
„სურათი იმაზე მეტად ოპტიმისტურია, ვიდრე შემოდგომაზე იყო... ჩვენ ველით, რომ მიმდინარე და მომავალ წელს მაჩვენებლები იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე შარშან", - განუცხადა Reuters-ს EBRD-ის მთავარმა ეკონომისტმა ბეატა იავორჩიკმა.
ინფლაციის შენელება და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დიდი ხარჯები - განსაკუთრებით ევროპაში - ხელის შემწყობი ფაქტორები აღმოჩნდა. ამასთან, ანგარიშმა აჩვენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სავაჭრო ტარიფების გავლენა არ ყოფილა ისეთი მკვეთრი, როგორც მოსალოდნელი იყო.
ბანკი ახლა მიმდინარე წელს 3.6%-იან ზრდას ელოდება, ხოლო 2027 წელს - 3.7%-იანს. ორივე მაჩვენებელი 0.2 პ.პ.-ით არის გაზრდილი შემოდგომის პროგნოზებთან შედარებით.
EBRD-ის ზოგიერთი ქვეყნიდან აშშ-ში ექსპორტი გაიზარდა კიდეც, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმთან დაკავშირებულ სექტორებში, რადგან ამ ქვეყნებმა ჩინური ექსპორტი ჩაანაცვლეს. უნგრეთი, ჩეხეთი და პოლონეთი ახორციელებენ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პროდუქციის ექსპორტს, როგორიცაა: სერვერები, პროცესორები და გამოთვლითი სისტემები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათმა ეკონომიკამ ამ ცვლილებით შესაძლოა სარგებელი ნახოს.
თუმცა, იავორჩიკმა გააფრთხილა, რომ ტარიფების სრული გავლენა კვლავ ბუნდოვანია; ანგარიშში ასახული ვაჭრობის უდიდესი ნაწილი აშშ-ში 2025 წლის აპრილის „განთავისუფლების დღის“ (Liberation Day) ტარიფების დაწესებამდე შევიდა. გარდა ამისა, გაურკვევლობას მატებს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ტრამპმა გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას საწყისი ტარიფების დაწესებისას.
„ეს ტურბულენტობა ნიშნავს, რომ პოლიტიკის შემქმნელები იძულებულნი არიან ფოკუსირდნენ გადაუდებელ შოკებზე, რომლებიც ყოველკვირეულად, თუ ყოველდღიურად არა, ჩნდება“, - განაცხადა მან. მისივე თქმით, ეს ქვეყნებს ართმევს შესაძლებლობას, დაუპირისპირდნენ უფრო დიდ პრობლემებს, როგორიცაა დემოგრაფიული „ნელი მოქმედების ბომბი“ და სხვა ფაქტორები, რომლებიც ცხოვრების სტანდარტებს ემუქრება.
იავორჩიკმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო შექმნილმა „საგანგებო რეჟიმმა“ და თავდაცვის ხარჯების შემდგომმა ზრდამ, შესაძლოა, თანხები სხვა პრიორიტეტულ სამთავრობო მიმართულებებს მოაკლოს. საბოლოო გავლენა იმაზე იქნება დამოკიდებული, დაიხარჯება თუ არა ეს ფული ერთჯერად აღჭურვილობაზე, თუ ისეთ ინფრასტრუქტურაზე (გზები, საავადმყოფოები), რომელიც ეკონომიკასაც წაადგება. მისი თქმით, „პოლიკრიზისი“ ხაზს უსვამს იმის აუცილებლობას, რომ ლიდერებმა საჯარო ინვესტიციების ფოკუსირება მოახდინონ პროექტებზე, რომლებიც ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს.
„გლობალური გაურკვევლობის ტურბულენტობა, სავარაუდოდ, შენარჩუნდება და ის დამაბრკოლებელი ძალა იქნება კერძო ინვესტიციებისთვის, სწორედ ამიტომ ვუსვამ ხაზს საჯარო ინვესტიციების როლს“, - დასძინა იავორჩიკმა.