თბილისი (GBC) – ენგურის ჰიდროელექტროსადგურის სადერივაციო გვირაბში მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ამის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგო“ აცხადებს.

„ჩამონგრეული კედელი აღდგენილია. დარჩენილია უმნიშვნელო სამუშაოები, რასაც უახლოეს დროში დავასრულებთ. ჰიდროელექტროსადგური მალე ჩადგება მწყობრში და დაიწყებს გენერაციას“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ განაცხადა, რომ ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიით ქართული კომპანიის მიერ მარაგდება. მისი თქმით, ვარდნილჰესების ამუშავების შემდეგ აფხაზეთში ელექტრომომარაგებაში შეზღუდვები დარჩება, თუმცა არა ამჟამინდელი მასშტაბით (ამჟამად ოკუპირებულ რეგიონში ელექტროენერგია დღე–ღამეში 6 საათით ითიშება).

რუსეთის ფედერაციიდან სეპარატისტული რეგიონი ელექტროენერგიას მარტის შუა რიცხვებიდან აღარ იღებს.