თბილისი (GBC) – სეპარატისტებმა რუსულ–აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირება 15 ნოემბერს უნდა განახორციელონ. ადგილობრივი მოსახლეობის კონსერვატიულად განწყობილი ნაწილი ღელავს იმის გამო, რომ რუსი ბიზნესმენები მთელ აფხაზეთს იყიდიან და ამით მის „სუვერენიტეტს“ ფაქტობრივად გააქრობენ.  

სოხუმში სულ უფრო აქტიურად აკრიტიკებენ მოსკოვს აფხაზეთზე ზეწოლის გამო. არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის „დეპუტატებმა“ ერიკ რშტუნიმ, კან კვარჩიამ, ნაურ ნარმანიამ და დემურ გოგიამ სოხუმში, სასტუმრო „ატრიუმ–ვიკტორიაში“ საზოგადოებასთან 13 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ კენჭისყრაზე ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების წინააღმდეგ მისცემენ ხმას.

ამასთან, 2025 წლის პირველ ნახევარში ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

ექსპერტების აზრით, თუ ე.წ. ხელისუფლება და მისი ოპოზიცია უახლოეს პერიოდში არ მივლენ რაიმე კომპრომისამდე, პროტესტი შესაძლოა „სახელმწიფო გადატრიალებაში“ გადაიზარდოს.

ამასობაში, აფხაზეთში ელექტროენერგიით მომარაგება კიდევ ერთი საათით შემცირდა.

რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის შედეგად კრემლის შეიარაღებულმა ძალებმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია განახორციელეს. შედეგად დევნილად იქცა ათობით ათასი ქართველი მოქალაქე. მოგვიანებით კრემლმა ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სუბიექტებად გამოაცხადა. რუსეთის შეიარაღებული ძალები დღემდე აკონტროლებენ საქართველოს ამ ორ რეგიონს.