თბილისი (GBC) – „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” განცხადებით, ახალგორში გადასასვლელები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, დროებით ჩაიკეტა, თუმცა დღემდე არ გახსნილა, რაც მათ დამატებით პრობლემებს უქმნის.

გადასასვლელების ჩაკეტვის გადაწყვეტილება ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა ე.წ უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღო და თქვა, რომ „საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში ვითარება კონტროლიდან გამოიყვანონ”.

ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, ოძისის საკონტროლო-გამშვები პუნქტი, არჩევნების დასრულების მიუხედავად, უახლოეს მომავალში არ გაიხსნება (ახალგორისა და ჯავის რაიონების მცხოვრებლებს ე.წ. საზღვრის კვეთა ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე შეეძლოთ).

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტის განმარტებით, გადაწყვეტილება მიღებულია „მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გამორიცხვის მიზნით”.

DRI მიუთითებს, რომ საოკუპაციო რეჟიმი „ნაციონალისტურ რადიკალურ ძალებში“ სავარაუდოდ პროდასავლურ ოპოზიციას მოიაზრებს.

ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ:

„უნდა აღნიშნოს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში დე ფაქტო ხელისუფლებას „ქართული ოცნების“ მიმართ ლმობიერი დამოკიდებულება ჰქონდა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არ აკრიტიკებდნენ.

25 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრამდე სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი გადაიყვანეს საგანგებო რეჟიმზე. დემოკრატიის კვლევის ცენტრის საკონტაქტო პირების ინფორმაციით, მოსახლეობის დიდი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა, თუმცა ეს უფლება მათ სრულიად ჩამოართვეს.

ადგილობრივების აზრით, „ქართულმა ოცნება“ ფლობდა ინფორმაციას ახალგორელების ოპოზიციური განწყობების შესახებ, რასაც გადასასვლელის ჩაკეტვის გადაწყვეტილებაც მოყვა. ახალგორელები თვლიან, რომ მათი ხმები „ქართული ოცნებამ“ საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა ბოლო წლებში, თბილისი-მოსაბრუნის გადასასვლელებზე შემოტანილი შეზღუდვები, ცხინვალის რეგიონის ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზულ სოციალური და ეკონომიკურ პრობლემებს უქმნის.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ახალგორიდან წასვლის მსურველთა მიმართვებმა საგრძნობლად იმატა.

სამედიცინო სერვისებისთვის თბილისში გადმოსვლაზე შემოიღეს ახალი წესი, რომლის მიხედვითაც, ჩაკეტილი გზის პირობებში, ახალგორიდან წასვლის უფლებით ისარგებლებენ მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევებისას: ინსულტი, სიმსივნით დაავადებულ პირები ან ის ოჯახის წევრის გარდაცვალების და შემთხვევაში დაკრძალვაზე დასწრების მიზნით. გადასასვლელების ჩაკეტვა უარყოფითად იმოქმედა ადგილობრივების ეკონომიკურ კეთილდღეობაზეც.

ბოლო პერიოდში, ცხინვალში ფასებმა საგრძნობლად მოიმატა. განსაკუთრებით, გაიზარდა ფასები რძის პროდუქტებსა და ხორცპროდუქტებზე.

გასულ წელთან შედარებით, გაიზარდა შეშის ფასი, რასაც ადგილობრივების უმრავლესობა გათბობისათვის იყენებს.

გასულ წელს 8 კუბური მეტრი შეშის ფასი 22 000 რუსული რუბლი იყო, წელს მისი ფასი 27 000 რუსული რუბლი გახდა”.