თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტის პროგნოზით, საშუალო წლიური ინფლაცია 2025 წელს 3.7%-ის, ხოლო 2026 წელს 2.9%-ის დონეზეა მოსალოდნელი.

2025 წლის სექტემბერში წლიური ინფლაცია 4.8%-მდე დაჩქარდა, წინა თვეში არსებული 4.6%-ის შემდეგ.

სექტემბრის ინფლაციაში ყველაზე მაღალი კონტრიბუცია ადგილობრივ ინფლაციას ჰქონდა, რომელიც წლიურად 6.3%-ით გაიზარდა (+6.6% წ/წ წინა თვეში), შემდეგ მოდის შერეული საქონლის ინფლაცია, რომლის წლიური ზრდის ტემპი 7.8%-მდე დაჩქარდა (6.3% წ/წ წინა თვეში). საპირისპიროდ, იმპორტირებული საქონლის ფასები წლიურად 1.1%-ით შემცირდა სექტემბერში.

გალტ & თაგარტის ინფორმაციით, საბაზო ინფლაცია, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 2.1%-მდე შენელდა 2025 წლის სექტემბრში წინა თვის 2.8%-ის შემდეგ.

სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2025 წლის სექტემბერში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+11.9% წ/წ, +3.89 პ.პ.), ჯანდაცვა (+9% წ/წ, +0.76 პ.პ.), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+4.1% წ/წ, +0.26 პ.პ.), ტრანსპორტი (-2.1% წ/წ, -0.26 პ.პ.) და ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (-3.7% წ/წ, -0.21 პ.პ.).