თბილისი (GBC) - თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მეფე ერეკლე მეორეს ძეგლის განთავსებაზე 955 000 ლარი დაიხარჯება. 9 სექტემბრით დათარიღებული მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა, რომ ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნული თანხა სარეზერვო ფონდიდან კულტურის სამინისტროს უნდა გამოუყოს. ასევე, კულტურის სამინისტროს დაევალა მხატვრისა და მოქანდაკის მერაბ მერაბიშვილის ნამუშევრების მიხედვით, ძეგლის დამზადებისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
კახეთის გზატკეცილზე მეფე ერეკლე მეორეს ძეგლის განთავსებაზე განცხადება „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 26 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
ერეკლე II 1744-1762 წლებში კახეთის, ხოლო, 1762—1798 წლებში ქართლ-კახეთის მეფე იყო.
ერეკლე II-ის მეფობის დროს გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატი (1783 წელს), გეორგიევსკის ტრაქტატის ძალით ქართლ-კახეთის სამეფო ნებაყოფლობით შევიდა რუსეთის მფარველობაში.
შემდეგ იყო 1795 წელი, ბრძოლა ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის თბილისთან, კრწანისის ველზე. აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ ერეკლე II-ს მოსთხოვა ქართლ-კახეთის სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა. გეორგიევსკის ტრაქტატის ერთგული ერეკლე II რუსეთის მთავრობას დახმარებას სთხოვდა, თუმცა უშედეგოდ.
საბოლოოდ, სპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და გადაწვეს, მრავალი ათასი მცხოვრები ტყვედ წაიყვანეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისა და გადამდები დაავადებებით დაიღუპა. ქართლის სოფლებს მოთარეშეთა რაზმები შეესივნენ. კრწანისის ბრძოლამ დიდი ზარალი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს.
ერეკლე II-მ განსაკუთრებული კვალი დატოვა ქართველი ხალხის ისტორიაში. სიცოცხლის დიდი ნაწილი მან ლაშქრობებში გაატარა და ხშირად უბრალო ჯარისკაცივით ცხოვრობდა. ერეკლე II-ის პიროვნება, მისი საქმეები, ფართოდ აისახა ქართულ ხალხურ შემოქმედებაში. მისი სახელი ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.