თბილისი (GBC) - თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის შესაბამის სამსახურებს დაავალა, ინსპექტირება ჩაატარონ დედაქალაქში შესრულებულ ყველა პროექტზე, რომელთა ექსპერტიზაც თავის დროზე შპს „მშენექსპერტს“ აქვს გაკეთებული. 

კალაძის თქმით, ეს არის საექსპერტო ბიურო, რომელსაც გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემა ედავება.

„სამწუხაროდ, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ და დღეს ერთადერთი, რაც თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია. თბილისში სულ უნდა ისმოდეს ბავშვების ჟრიამული. ამას მარიტას ხსოვნაც გვავალდებულებს“, – განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის ოთხშაბათის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.

შპს „მშენექსპერტში“, რომელიც შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების ექსპერტიზაზეა ორიენტირებული, ვაკის პარკის შადრევანში 13 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 13 წლის გოგო ემსხვერპლა, საგამოძიებო მოქმედებები 17 ოქტომბერს დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ „მშენექსპერტმა“ ვაკის პარკში რეაბილიტირებული შადრევნის ექსპერტიზის დასკვნა გააყალბა.