თბილისი (GBC) - ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ "ოპერაცია გაგრძელდება იმდენი დღე, რამდენიც საჭირო იქნება ირანის მხრიდან საფრთხის მოსახსნელად". მისივე თქმით, ეს ოპერაცია მიზნად ისახავს ისრაელის გადარჩენას.
„ჩვენ დავარტყით ირანის ურანის გამდიდრების პროგრამას, ჩვენ დავარტყით ირანის ბირთვული შეიარაღების პროგრამას. მიზანში ამოვიღეთ ირანის ნათანზის ურანის გამდიდრების მთავარი ადგილი. ისრაელმა დაარტყა ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ირანულ ბომბზე მუშაობდნენ, ჩვენ ასევე დავარტყით ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამას“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ კი განაცხადა, რომ "ისრაელის დარტყმები ომის გამოცხადებას ნიშნავს".
BBC-ის ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროსადმი გაგზავნილ წერილში, ისრაელის დარტყმებს „ომის გამოცხადებას“ უწოდებს.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ აბას არაღჩი გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განიხილოს ეს საკითხი.
ამასთან, ისრაელი ირანზე საჰაერო დარტყმების განხორციელებას განაგრძობს.
BBC-ის ინფორმაციით, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ თავრიზში ისრაელმა სამხედრო საჰაერო ბაზას დაარტყა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელმა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე, სადაც ურანის გამდიდრება მიმდინარეობს, დარტყმების მეორე ტალღა დაიწყო.
ისრაელმა ირანში ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს 13 ივნისის დილას დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპნენ: ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამი, მისი დაცვის რამდენიმე წევრი და თანამშრომლები, ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ–მაიორი მოჰამად ბაგერი, გაერთიანებული შტაბის სარდალი გენერალი გოლამალი რაშიდი, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფერეიდუნ აბასი და ისლამური უნივერსიტეტის რექტორი აზად მოჰამად სეზდი ტეზრანჩი...
მალევე ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ დარტყმები ირანის ბირთვული და ბალისტიკური პროგრამების „გულში“ მიიტანეს. მისივე თქმით, განადგურებულია ურანის გამამდიდრებელი საკვანძო საწარმო. ნეთანიაჰუმ ისრაელის ქმედებებს „აუცილებელი და დროული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ირანს რამდენიმე კვირა სჭირდებოდა ბირთვული იარაღის შესაქმნელად. ისრაელის ლიდერმა დააზუსტა, რომ იერიშები განხორციელდა არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე, არამედ ბირთვულ ფიზიკის სპეციალისტებზე, რომლებიც „ბომბის შემნაზე მუშაობდნენ“.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანზე თავდასხმისთვის ისრაელმა 200 მოიერიშე თვითმფრინავი გამოიყენა და 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.
ისრაელის საჰაერო იერიშების საპასუხოდ, ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 100-მდე დრონი გაუშვა.