თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ოთხშაბათს, მსოფლიო ბანკის მიერ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნისთვის $372 მლნ-ის გამოყოფას ეხმაურება და აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ქვეყანა თანამედროვე სატრანზიტო ქსელის მშენებლობას ისახავს მიზნად, რომელიც რეგიონს ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია შუა დერეფნის ეფექტიანობისა და რეგიონული კავშირების გასაძლიერებლად.

„ეს ინვესტიციები მნიშვნელოვანია არა მარტო ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, არამედ მზარდი საერთაშორისო სავაჭრო ნაკადების და უფრო დივერსიფიცირებული, დაცული მიწოდების ჯაჭვების მხარდასაჭერადაც, რამდენადაც საქართველოს რკინიგზის და საგზაო კავშირების განახლება გააუმჯობესებს შუა დერეფნის ეფექტიანობას და გააძლიერებს რეგიონული კავშირების მდგრადობას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, პროექტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, $751 მლნ-ია, რაც მოიცავს $372 მლნ-ს მსოფლიო ბანკის ჯგუფისგან, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა $175 მლნ-ს აზიის განვითრებას ბანკისგან (ADB) და $182 მლნ-ს ოდენობით აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) დაფინანსების მიღების მიმართულებით.

პროექტი ითვალისწინებს სარკინიგზო გამტარუნარიანობის გასაზრდელად საქართველოს რკინიგზისთვის ელექტრო სარკინიგზო ლოკომოტივების შეძენას, ელექტრო ქვესადგურების მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას; და საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე და საავტომობილო გზის მონაკვეთის – გურჯაანიდან თელავამდე მშენებლობას. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის, სატრანსპორტო კვანძებს, ესტაკადებს, ხიდებს, ასევე საგზაო უსაფრთხოების ზომების მიღებასა და საგზაო სექტორის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას.