თბილისი (GBC) - საქართველოში აშშ-ის საელჩო ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას გამოეხმაურა. „რადიო თავისუფლების“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მოქმედებებით.

საელჩოს განმარტებით, ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია მკაფიოა - შეერთებული შტატები სიტყვის თავისუფლებას ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად მიიჩნევს და მტკიცედ ეწინააღმდეგება ცენზურასა და შემზღუდავ კანონებს.

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი.

მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად“, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ამერიკულმა მხარემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც შეხედულებების ფართო წარმომადგენლობითა და ოპოზიციის ჩართულობით მიიღწევა, საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს.