თბილისი (GBC) – ევრაზიის სატრანსპორტო რუკაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები იკვეთება. 2026 წელს TRACECA-ს მთავრობათაშორის კომისიას ყაზახეთი უხელმძღვანელებს. ასტანა გეგმავს ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული დერეფნის განვითარებას, განსაკუთრებული აქცენტით გაციფრულებასა და ლოგისტიკური ჯაჭვების ოპტიმიზაციაზე.
TRACECA-ს გენერალურ მდივნად არჩეულია უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ჟასურბეკ ჩორიევი. გადაწყვეტილება ასტანაში გამართულ XVIII სხდომაზე მიიღეს. შეხვედრის შედეგად ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, უზბეკეთმა, აზერბაიჯანმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს ერთიანი სატრანზიტო ნებართვის შესახებ შეთანხმებას, რომელიც საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების გამარტივებას ისახავს მიზნად ევროპა–კავკასია–აზიის დერეფანში.
TRACECA, ევროპა–კავკასია–აზიის სატრანსპორტო კორიდორი — 1990-იან წლებში ევროპული კომისიის ინიციატივით შეიქმნა და 14 ქვეყანას აერთიანებს. პროექტმა ახალი იმპულსი 2025 წლიდან მიიღო, როდესაც ევროკავშირმა Global Gateway-ის სტრატეგიის ფარგლებში 10 მილიარდი ევრო გამოყო ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის განვითარებისთვის. პრიორიტეტებს შორისაა თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა, ტრანსევროპული ქსელებთან ინტეგრაცია, ენერგორესურსებისა და მიწაიშვიათი ლითონების ტრანსპორტირება. უკვე განხორციელდა საინვესტიციო პროექტები შავი და კასპიის ზღვების პორტებში, გაერთიანდა ათასობით კილომეტრი რკინიგზა.
ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის ნურლან საურანბაევის განცხადებით, ბოლო ხუთ წელიწადში დერეფანში სატრანზიტო გადაზიდვები გასამმაგდა, ხოლო 2030 წლისთვის მიზნად 300 ათასი კონტეინერის გადაზიდვაა დასახული.
ერთიანი ელექტრონული სატრანზიტო ნებართვის ამოქმედება გადამზიდავებს მისცემს შესაძლებლობას, მონაწილე ქვეყნების ტერიტორიაზე ცალკეული ეროვნული ნებართვების გარეშე იმოძრაონ. დოკუმენტი მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში გაიცემა ერთიანი ვებპორტალის საშუალებით, რაც ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებას და საზღვრების სწრაფ გადაკვეთას შეუწყობს ხელს.
ამ ეტაპზე შეთანხმებას საქართველო და თურქმენეთი არ შეუერთდნენ. ექსპერტების შეფასებით, ორივე ქვეყანა საკუთარი გეოგრაფიული ფაქტორის გამოყენებით მოლაპარაკებებს აწარმოებს, მათ შორის ევროკავშირთან, რათა სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებში უფრო ძლიერი პოზიციები დაიკავონ.
პარალელურად, თურქმენეთში გაზის უმსხვილესი საბადოს „გალკინიშის“ მესამე ფაზის განვითარებით დაინტერესდნენ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ADNOC და მალაიზიური Petronas. ანალიტიკოსების აზრით, აშხაბადი ცდილობს, ევროპაში გაზის მიწოდების პროცესში საკუთრებისა და ტრანზიტის კონტროლი შეინარჩუნოს და რეგიონულ ენერგეტიკულ თამაშში საკუთარი როლი გააძლიეროს.