თბილისი (GBC) – თბილისის მერია მუნიციპალური ავტობუსების მძღოლის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსს აცხადებს. მუნიციპალიტეტის მთავრობის ოთხშაბათის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დაინტერესებულ პირებს უნდა გააჩნდეთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების „D“ ან „E“ კატეგორია.

მისი თქმით, მძღოლების საშუალო ხელფასი განსხვავდება ავტობუსების სიგრძის მიხედვით და მერყეობს 3 600-დან 5 000 ლარის ფარგლებში.

„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ვაკანსიებთან დაკავშირებით და ვისაც სურვილი გაქვთ, ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაა. საკითხი ეხება ავტობუსის მძღოლებს. ავტობუსების ახალი პარტია ძალიან მალე დაიწყებს მოძრობას თბილისის ქუჩებში. მძღოლის საშუალო გამომუშავებული ანაზღაურება განსხვავდება ავტობუსების სიგრძის მიხედვით და მერყეობს 3 600-დან 5 000 ლარის ფარგლებში (დარიცხული). დასაქმებული პირები ასევე ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევით. კონკურსში მონაწილე დაინტერესებულ პირებს უნდა გააჩნდეთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების „D“ კატეგორია, ხოლო 18-მეტრიანი ავტობუსის შემთხვევაში „E“ კატეგორია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ მსურველებს აქტიურობისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მძღოლების მხრიდან დაინტერესება იქნება.