თბილისი (GBC) – საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება 2027 წლამდე გადავადდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილება შევიდა „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებაში.
მიღებული ცვლილების თანახმად, დაწესებული შეზღუდვებისთვის ახალი ვადები განისაზღვრა. კერძოდ, პლასტმასის ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების აკრძალვის ამოქმედების ახალ თარიღად 2027 წლის პირველი იანვარი დასახელდა, ხოლო ერთჯერადი ჭიქების აკრძალვა ძალაში 2027 წლის პირველი ივლისიდან შევა.
