თბილისი (GBC) – გალთ & თაგარტმა ნედლეულის გლობალური ბაზრების მიმოხილვა მოამზადა, რომელშიც იანვარში დაფიქსირებული ტენდენციებია გაანალიზებული.

ნავთობი

2024 წლის იანვარში ნავთობის ფასი თვიურად 6.1%-ით გაიზარდა, რაც 2023 წლის სექტემბრის შემდეგ პირველი თვიური მატება იყო. ინტუიციურად, 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმასა და მომდევნო თვეებში თანამდევ ესკალაციებს ფასები უნდა გაეზარდა. ჰუსიტები და ირანის მიერ დაფინანსებული სამხედრო დაჯგუფებები წითელ ზღვაში გადამზიდებზე თავდასხმას განაგრძობენ და გასული თვის ბოლოს იორდანიაში აშშ-ს ბაზასაც შეუტიეს, რასაც რამდენიმე ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. მიუხედავად დაძაბულობისა, ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ ნავთობის ფასი 3.4%-ითაა შემცირებული. J.P. Morgan-ის მიხედვით, ამ ეტაპზე ნავთობის ფასებში გეოპოლიტიკური რისკ-პრემიუმი არ არის ასახული, რადგან არსებული მიწოდება საკმარისია მიმდინარე შოკების დასაძლევად.

გასულ თვეებში ნავთობის მიწოდების მნიშვნელოვანი შეფერხება არ დაფიქსირებულა და არც ახლო პერიოდშია მსგავსი რამ მოსალოდნელი. ამ ეტაპზე წითელი ზღვაში ნავთობის გადაზიდვა 20%-ით არის შემცირებული და არსებული პრობლემები მეტ-ნაკლებად მარტივად იჭრება. მეტიც, J.P. Morgan-ის მიხედვით, გრძელი მარშრუტის არჩევა და აფრიკის კონტინენტის შემოვლა ერთ ბარელ ნავთობზე ფასს საშუალოდ მხოლოდ $2-ით ზრდის, რადგან არაბული სახელმწიფოები მეტწილად ნავთობსადენით გადაზიდვას იყენებენ. დამატებით, OPEC-ის არაწევრ ქვეყნებში გაზრდილ წარმოებას და OPEC+-ის ქვეყნებში არსებულ გამოუყენებელ რესურსებს (წარმოების ნებაყოფლობით შემცირების გამო) მოთხოვნის მოულოდნელი ზრდის ან/და მიწოდების შემცირების დაფარვა მარტივად შეუძლიათ.

შესაბამისად, იანვრის ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი არა ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, არამედ აშშ-ში მოულოდნელი ცივი ამინდები და გაზრდილი ეკონომიკა იყო. ჩრდილოეთ დაკოტასა და ტეხასში ძლიერმა ყინვებმა წარმოება დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ბარელით შეამცირა. დამატებით, ამერიკის ეკონომიკის რეალური ზრდა მე-4 კვარტალში 3.3% დაფიქსირდა, რაც მოსალოდნელ 2%-ზე მეტია და ინვესტორების მხრიდან ნავთობპროდუქტების მოთხოვნის მოლოდინზე დადებითად მოქმედებს.

ბუნებრივი აირი

2024 წლის იანვარში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 1.2%-ით გაიზარდა. მცირე ზრდა ერთმანეთის საპირწონედ მოქმედი დადებითი და უარყოფითი ფაქტორების შედეგია - შედარებით თბილი ამინდი და დიდი მარაგები ევროპაში და აშშ-ს მიერ LNG-ის (გათხევადებული ბუნებრივი აირი) ექსპორტის ლიცენზიების განხილვის დროებითი შეჩერება. ნავთობის მსგავსად, ახლო აღმოსავლეთის ეფექტი ბუნებრივი აირის ფასებზეც ლიმიტირებული იყო იგივე მიზეზების გამო - მოთხოვნის მოულოდნელი ზრდის ან/და მიწოდების პრობლემების შემთხვევაში არსებული მარაგები საკმარისია მათ გასანეიტრალებლად

იანვრის განმავლობაში ბუნებრივი აირის ფასები თანდათანობით შემცირდა ერთ მეგავატ-საათზე $38.3-დან $29.3- მდე. კლება ევროპისა და აზიის მარაგების გამუდმებით მაღალი მაჩვენებლით იყო გამოწვეული - 78% ევროპაში და ბოლო ხუთი წლის თითქმის პიკური მაჩვენებელი სამხრეთ კორეასა და იაპონიაში. მოსალოდნელზე მაღალი ტემპერატურის ფონზე, პოტენციურ მოთხოვნასთან გამკლავება პრობლემას არ წარმოადგენს. დამატებით, კატარი (LNG-ის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი) აზიური ქვეყნებისათვის ნედლეულის სანდო მიმწოდებელია, თუმცა ევროპისათვის მიწოდება მეტ ლოგისტიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. სამაგიეროდ, აშშ გახდა LNG-ით ევროპის უმსხვილესი მომმარაგებელი და 2018 წელთან შედარებით ექსპორტის მოცულობა გაასამმაგა. მიუხედავად ამისა, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ექსპორტის ლიცენზიების განხილვის დროებითმა შეჩერებამ ბაზარზე მცირე კორექტირებები შეიტანა.

სხვადასხვა ანალიტიკური წყაროს ინფორმაციით, არჩევნების წელი ბაიდენს უბიძგებს დააბალანსოს კლიმატის აქტივისტების (TikTok-ზე თავიანთი მილიონობით გამომწერი პოტენციური ამომრჩევლით) და ევროპელი სტრატეგიული პარტნიორების/იმპორტიორების ინტერესები. თეთრი სახლის თანახმად, ევროპის LNG-ით მომარაგებას საფრთხე არ ემუქრება, რადგან არსებული ლიცენზიატები მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებენ. Shell-ის CEO-ს განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილებები მოკლე ან/და საშუალოვადიან პერიოდში შესაძლოა LNGის მიწოდებას არ აზიანებდეს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ამცირებს ამ ნედლეულისადმი ნდობას. თეთრი სახლის განცხადების შემდეგ ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში დააახლოებით 12.6%-ით გაიზარდა.

ოქრო

იანვარში ოქროს ფასი თვიურად 1.1%-ით შემცირდა. მიუხედავად მცირე კლებისა, მიმდინარე წელს ის ფსიქოლოგიურ ნიშნულზე, $2,000-ზე დაბლა არ ჩამოსულა. UBS-ის ანალიტიკოსების მიხედვით, გასული წლის რეკორდულ ზრდაში ჩინელი საცალო ინვესტორების წვლილი არასაკმარისად იყო შეფასებული, რომლებმაც ადგილობრივი ბირჟის და უძრავი ქონების ბაზრის მერყეობის ფონზე ოქროს მიმართეს რისკების ჰეჯირებისათვის და მასზე მოთხოვნა გაზარდეს. მსოფლიო ოქროს კავშირის (WGC) მიხედვით, ჩინეთი ოქროს ფასის განმსაზღვრელი ფაქტორი არ ყოფილა, მაგრამ ეხმარებოდა მას მაღალი ნიშნულის შენარჩუნებაში.

ოქროს სხვა მნიშვნელოვანი მომხმარებლების - ცენტრალური ბანკების მხრიდან 2023 წლის მე-4 კვარტალში მოთხოვნა ოქროზე შემცირდა 229 მტ-მდე 2022 წლის მე-4 კვარტალში დაფიქსირებული 382მტ-დან. წლიურ ჭრილში, მათი შესყიდვები 4%-ით შემცირდა 1,037მტ-მდე 2023 წელს. მიუხედავად მცირე კლებისა, ინვესტორების განწყობაზე შესაძლოა ამ ფაქტს დიდი გავლენა ჰქონდეს, რადგან ცენტრალური ბანკების შესყიდვები გასული ორი წლის განმავლობაში ოქროს ფასის ზრდის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იყო

დამატებით, FED-ის მმართველის, ჯერომ პაუელის განცხადებით, განაკვეთების კლება მარტში მოსალოდნელი არ არის. მიუხედავად ცენტრალური ბანკების ამ ეტაპზე უარყოფითი გავლენებისა, უოლ სტრიტი ძვირფასი მეტალის ფასის ზრდას ელის 2024 წელს, რაც წლის განმავლობაში განაკვეთების შემცირებითა და ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს მოსალოდნელი შესყიდვებით იქნება განპირობებული.

ამონიუმის ნიტრატი

2024 წლის იანვარში ამონიუმის ნიტრატის ფასი თვიურად 4.2%-ით გაიზარდა. მიუხედავად მცირე ზრდისა, ის წლიურად 35.3%-ითაა შემცირებული, რაც მისი წარმოების ძირითადი კომპონენტის - ბუნებრივი აირის ფასების კლებითაა განპირობებული. როგორც ჩვენს წინა მიმოხილვებში იყო აღნიშნული, ფასები მეტ-ნაკლებად დაბალანსებულია ერთმანეთის საპირწონედ მოქმედი ფაქტორებით. ერთის მხრივ, ჩინეთი საკუთარი მარაგების შევსებაზეა ორიენტირებული, რაც პოტენციურ მიწოდებას ამცირებს. მეორეს მხრივ, დაბალი ფასების ფონზე, ინდოეთის მთავრობა სასუქებზე სუბსიდიების შემცირებას აპირებს პირველი აპრილიდან. ამ განცხადების ფონზე, სასუქების მწარმოებელი ინდური კომპანიების აქციების ფასები შემცირდა, რადგან შესაძლოა აგროქიმიკატებზე მოთხოვნა შემცირდეს.

ხორბალი

იანვარში ხორბლის ფასი თვიურად 10.4%-ით შემცირდა. შავი ზღვის საფრთხეებისა და გლობალური რეცესიის რისკის შემცირების ფონზე, რისკ-პრემიუმი იკლებს და შესაბამისად ფასებიც თანდათანობით მცირდება. დამატებით, ინდოეთში ხორბლის წარმოებამ შესაძლოა რეკორდულ 114 მილიონ ტონას მიაღწიოს, რაც თავისსავე რეგიონებში არსებულ დეფიციტს აღმოფხვრის. მეორეს მხრივ, ავსტრალიის ზოგიერთ რეგიონში მოსავალი მოულოდნელად გრძელმა წვიმების სეზონმა დააზიანა. ამასთან, ანალიტიკოსები ელიან რომ El Nino აგროპროდუქტების გლობალურ მიწოდებას 2024 წელს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

სპილენძის მადნები და კონცენტრატები

2024 წლის იანვარში სპილენძის ფასი თვიურად 0.4%-ით გაიზარდა. მიუხედავად უმნიშვნელო ზრდისა, საინვესტიციო ფონდები სპილენძის აქციების ძლიერ ზრდას ელიან, რაც 2024 წელს ნედლეულის დეფიციტით იქნება გამოწვეული. გაზრდილი მიწოდების მოლოდინი მნიშვნელოვანი დანაკლისის მოლოდინმა ჩაანაცვლა. Cobre Panama-ს დახურვამ, რომელიც მსოფლიო სპილენძის 1.5%-ს აწარმოებდა, ბაზარზე მიწოდება შეამცირა. დამატებით, ნედლეულის გიგანტის, Glencore-ს შედეგების პრეზენტაციაში 2023 წელს სპილენძის პროდუქციის შემცირება ჩანს და კიდევ მეტ შემცირებას ელიან 2024 წლისათვის. ამ ინდუსტრიაში წარმოების სირთულის გათვალსიწინებით, მინიმალური მიწოდების ზრდის მოლოდინის ფონზე, ფასების მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი წლის განმავლობაში.

ფეროსილიკონი

2024 წლის იანვარში ჩინური ფეროსილიკონის ფასი არ შეცვლილა, ევროპულის კი თვიურად 13.8%-ით გაიზარდა. ევროპული ნედლეულისთვის ეს პოტენციურად ფასის ტრენდის ცვლილებას შესაძლოა ნიშნავდეს, მაგრამ ის კვლავ 23.8%-ით დაბლაა წინა წლის ნიშნულთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ფასმა ზრდა გასული წლის დეკემბერში დაიწყო, რაც ქართული ფეროშენადნობების ექსპორტის ზრდაშიც აისახა. 2023 წლის დეკემბერში ექსპორტის ღირებულება წინა 11 თვის საშუალოსთან შედარებით დაახლოებით 2.4-ჯერ მეტი იყო.