თბილისი (GBC) – უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, "უკრაინას ან ბირთვული იარაღი ექნება, ან იქნება NATO-ს წევრი სახელმწიფო", - ამის შესახებ ზელენსკიმ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ "დღეს NATO-ს ქვეყნები არ იბრძვიან, სწორედ ამიტომ, უკრაინა ნატოს ირჩევს და არა ბირთვულ იარაღს".

„დიდი ქვეყნებიდან, ბირთვული სახელმწიფოებიდან რომელი დაზარალდა? - არცერთი. მხოლოდ ერთი - უკრაინა. ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? ერთმა? - უკრაინამ. ვინ იბრძვის დღეს? - უკრაინა. დონალდ ტრამპთან საუბრისას მას ვუთხარი: რა არის გამოსავალი? ან უკრაინას ბირთვული იარაღი ექნება და ეს ჩვენთვის დაცვა იქნება, ან რაიმე სახის ალიანსი უნდა გვქონდეს. NATO-ს გარდა ჩვენ სხვა ეფექტური ალიანსები არ ვიცით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე მონაწილეობის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„მჯერა, დონალდ ტრამპმა მომისმინა, მან თქვა: „თქვენ სამართლიანი არგუმენტები გაქვთ“, - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღეს, 17 ოქტომბერს ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ განაცხადა, რომ „უკრაინა ნატოს 33-ე ან 34-ე წევრი გახდება“.

„ამ მომენტში, როგორც ჩანს, უკრაინა 33-ე წევრი იქნება”, - თქვა რიუტემ, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ თეორიულად მას სხვა ქვეყანამ შეიძლება გაუსწროს. ოფიციალურად, NATO-ში გაწევრიანების კანდიდატია ბოსნია და ჰერცეგოვინა.

ამასთან, თარიღების დაზუსტების გარეშე, ალიანსის წევრობის პირობა მიღებული აქვთ უკრაინას და საქართველოს.

„კონკრეტულ შეკითხვას, „როდის?“, მე ვერ ვუპასუხებ ახლა, ამ მომენტში“, - დასძინა რიუტემ და აღნიშნა, რომ მოკავშირეები ახლა მუშაობენ უკრაინის ნატოში გაწევრიანებისკენ „ხიდის“ აშენებაზე.

ცნობისთვის, მარკ რიუტე ბრიუსელში 17 ოქტომბერს შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. თვის დასაწყისიდან, ეს მათი მესამე შეხვედრაა.