თბილისი (GBC) - პარლამენტში 12 ნოემბერს სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ყურადღება გაამახვილა 2021-2025 წლებში მიღწეულ შედეგებზე და ისაუბრა სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით გაწეულ დაფინანსებაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერისა და ჯანდაცვის პროგრამებზე მიმართული თანხები გაზრდილია ₾3,5 მლრდ-ზე მეტით, ანუ, ჯამურად გაზრდილი ბიუჯეტის 38% სწორედ ამ მიმართულებით გამოიყო. მისი თქმით, ასევე, გათვალისწინებულია საჯარო მოხელეთა, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა.
2025 წლისთვის ხარჯის მაჩვენებელი ₾8.5 მლრდ-ს აჭარბებს. გაზრდილი დაფინანსების პირობებში, შესაძლებელი გახდა პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების ზრდა, კერძოდ:
- 70 წლამდე პენსიონერთა პენსიის მატებამ 110 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 132 ლარი შეადგინა
- 70 და მაღალი ასაკის პირთა პენსიის მატებამ 175 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 210 ლარი შეადგინა
- დაფინანსდა 85 ათასზე მეტით გაზრდილი ბენეფიციართა რაოდენობა
- 40%-ზე მეტად გაიზარდა ყოფილი ჯარისკაცებისა და პოლიციელების კომპენსაციები, ხოლო კომპენსაციის ზედა ზღვარი 560 ლარიდან გაიზარდა 1035 ლარამდე
- პენსიების ზრდის შესაბამისად, გაიზარდა სხვადასხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემლები
- დახმარების მიმღებ 16 წლამდე ბავშვთა სოციალური სარეიტინგო ქულა 100 ათასიდან გაიზარდა 120 ათასამდე, ხოლო უშუალოდ ბავშვის ყოველთვიური დახმარების მოცულობა გაოთხმაგდა და თვეში 200 ლარს შეადგენს
- ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია ₾600 მლნ-ზე მეტით
ხუციშვილის თქმით, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით დაფინანსება გაიზარდა 1.8 მილიარდ ლარამდე (ჯამურად გაზრდილი ბიუჯეტის 20%) და ჯამში, 2024 წლისთვის ₾4.2 მლრდ-ს აღწევს. გაზრდილი დაფინანსებით შესაძლებელი გახდა ჯარისკაცებისა და პოლიციელების ხელფასების ზრდა, რომელმაც ბოლო 4-წლიან პერიოდში 60%-ს მიაღწია.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, გარდა ჯარისკაცებისა და პოლიციელებისა, 2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მთლიანად საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის დაიწყო ხელფასების მოწესრიგება. ბოლო 4-წლიან პერიოდში საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 46%-ზე მეტით გაიზარდა.
ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით (საბავშვო ბაღების დაფინანსების ჩათვლით) გაზრდილ დაფინანსებაზე და აღნიშნა, რომ დაფინანსება გაზრდილია ₾2 მლრდ-ზე მეტით (ჯამურად გაზრდილი ბიუჯეტის 22%) და 2025 წელს ამ სფეროს დაფინანსება ₾4 მლრდ-ს აჭარბებს. გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში შესაძლებელი გახდა საჯარო სკოლების მასწავლებელთა საშუალო ხელფასის ზრდა 700-800 ლარის ფარგლებში, ხოლო საბავშვო ბაღების პერსონალის საშუალო ხელფასის 400-500 ლარით ზრდა.
მისი განცხადებით, გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. 2025 წელს კაპიტალური ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხა 8 მილიარდ ლარს აჭარბებს, რაც 2021 წელთან შედარებით გაზრდილია 66%-ზე მეტით (₾3,2 მლნ-ზე მეტით).
ამასთან, ხუციშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია ₾800 მლნ-ზე მეტით, რომლის ფარგლებში:
- 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება
- 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება
- გარდა პენსიისა, რომელიც, როგორც იცით ინდექსირებულია და კონკრეტული ფორმულით ხდება მისი ზრდა, ბიუჯეტში გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით
- ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს ₾7 მლრდ-ს
- ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია ₾2,1 მლრდ-ზე მეტი, მათ შორის, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა
- დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია ₾240 მლნ.