თბილისი (GBC) – ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამად უკანონო შემოსავლების მიღების გამო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კამპანიის მიზანი მისი ციხეში ჩასმა და პოლიტიკური განადგურება იყო და ამბობს, რომ ახლა „ბრძოლის დაწყებას“ აპირებს.
„საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში“, – წერს ღარიბაშვილი სამშაბათს საღამოს გავრცელებულ წერილში და აცხადებს, რომ გასულ წელს დაწყებული კამპანიის ფარგლებში მან უარი თქვა სამართლებრივ ბრძოლაზე, რათა გუნდთან და მისთვის ძვირფას ადამიანებთან დაპირისპირება აერიდებინა.
მისი თქმით, ამის სანაცვლოდ მიიღო „დადგმული ბინძური პროვოკაცია“, ტყუილი და უსამართლობა, თუმცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საჯაროდ არ უსაუბრია.
ღარიბაშვილი ასევე საუბრობს მის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ წერილზე, რომელიც, მისი თქმით, მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა. როგორც ყოფილი პრემიერი აცხადებს, მან მდინარაძეს აცნობა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებდა და ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ხედვაც შესთავაზა.
მისივე განცხადებით, საპასუხოდ უთხრეს, რომ მაინც არსებობდა „1%-იანი რისკი“, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ამ რისკის დასაზღვევად საჭირო იყო მისთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და ბრალის აღიარება.
ღარიბაშვილის შეფასებით, ეს მისთვის „წითელი ხაზი“ აღმოჩნდა.
„შესაბამისად, რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
