თბილისი (GBC) - პოლონეთმა საქართველოდან, კოლუმბიიდან და ვენესუელიდან სამუშაოდ ჩასული მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა.

ახალი რეგულაცია, რომელსაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ 10 აგვისტოს მოაწერა ხელი, უკვე ძალაშია და ის კონკრეტულად მხოლოდ დასაქმების მიზნით ჩასულ პირებზე ვრცელდება. იმ მოქალაქეებისთვის კი, რომლებიც პოლონეთში სამუშაოდ 15 აგვისტომდე შევიდნენ, კვლავ ძველი წესები იმოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ სავიზო პოლიტიკის გამკაცრება არ ეხება ტურისტულ ვიზიტებს. საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელის მოქალაქეებს პოლონეთში უვიზოდ ჩასვლა კვლავ შეუძლიათ ტურისტული და სხვა დაშვებული მოკლევადიანი მიზნებისთვის.

როგორც პოლონეთის მთავრობაში განმარტავენ, აღნიშნული სამი ქვეყნის მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის რეჟიმს სისტემატურად იყენებდნენ კანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე დასაქმებისთვის. ოფიციალური პირების განცხადებით, ახალი რეგულაციების შემოღების მთავარი მიზეზები უკანონო დასაქმება და ქვეყანაში არალეგალურად დარჩენა, ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდა, დასაქმებულთა ექსპლუატაცია და ადამიანებით ვაჭრობის საფრთხეებია. გარდა ამისა, პოლონეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს სამი სახელმწიფო მიგრაციის მაღალი რისკის მქონე ქვეყნების კატეგორიას განეკუთვნება.