თბილისი (GBC) – სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სფეროში იდეებისა და გამოცდილების გაზიარება, იტალიური ინოვაციების პოპულარიზაცია და ახალი საქმიანი კავშირების დამყარება - ამ თემებს ეძღვნება იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) მიერ, საქართველოში იტალიის საელჩოსთან, იტალიურ ასოციაცია Assofoodtec/ANIMA Confindustria-სა და FederUNACOMA-სთან და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან (GEA) თანამშრომლობით ორგანიზებული ღონისძიება „საქართველო და იტალია ერთად, უკეთესი კვების მრეწველობისთვის“.

ღონისძიებას გახსნის იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო, ITA-ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ანდრეა მაკანიკო და GEA-ს პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის) და სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის დარგებში მომუშავე ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები.

იტალია, რომელიც ამ დარგებში აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება უმსხვილესი იტალიური კომპანიებით, რომლებიც აწარმოებენ სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მანქანა-დანადგარებს, საბაღე ინვენტარსა და მოწყობილობებს, რძის პროდუქტებისა და ტკბილეულის წარმოებისთვის აუცილებელ და ასევე,  კვების მრეწველობისათვის საჭირო შემფუთველ მაღალტექნოლოგიურ დანადგარებს.

ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია ქართული და იტალიური სამეწარმეო ასოციაციების პრეზენტაციები და შეხვედრები "B2B” ფორმატში.

ღონისძიება გაიმართება 2024 წლის 28 თებერვალს (დასაწყისი: 11:00სთ) სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში. ღონისძიების დაწყებამდე (10:20სთ-ზე) ჩატარდება პრესკონფერენცია იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონოს, ITA-ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ანდრეა მაკანიკოსა და GEA-ს პრეზიდენტი ელგუჯა მელაძის მონაწილეობით.