თბილისი (GBC) – თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ყოველკვირეულ განახლებაში წერს, რომ თიბისის არხებით განხორციელებული ტრანსაქციების ანალიტიკა აგვისტოშიც სავალუტო შემოდინებებისა და ზოგადად ეკონომიკური აქტივობის მაღალ დონეზე მიუთითებს.

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2024 წლის რეალური ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 9%-ით განისაზღვრება. ამასთან, ძლიერი სავალუტო შემოდინებები ასევე იწვევს ე.წ. ბუფერების დაგროვებას. საკუთრივ, წინასწარი მონაცემებით, სახეზეა სების სავალუტო რეზერვების დამატებით შევსება. ამავდროულად, როგორც ყოველთვის, სენტიმენტების ფაქტორიც მნიშვნელოვანია, რაც, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდის განმავლობაში იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვის მნიშვნელოვან ზრდაში აისახება.

მთავარი ეკონომისტის აზრით, ამ კუთხით ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება. პირველი: სავალუტო შემოდინებები იმდენად ძლიერია, რომ ეს გარემოება ლარის კურსზე არ ისახება. უფრო მეტიც, როგორც აღინიშნა, საერთაშორისო რეზერვების დაგროვებაც კი არის შესაძლებელი. და მეორე: ერთგვარად, აღნიშნულიც სწორედ ბუფერია, რაც სენტიმენტების ცვლილებისას უკვე ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებს. ამასთან, ასევე საყურადღებოა, რომ აგვისტოში არარეზიდენტების წილი ლარის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელებში ოთხთვიანი კლების შემდეგ კვლავ გაიზარდა.