თბილისი (GBC) – ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი ბაზარია, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი 6 აშშ დოლარის ფარგლებშია.
სააგენტოს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც 2013 წლის შემდეგ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა, ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას.
„ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციების დასადგენად, მიმდინარე წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით აშშ-ში სამომხმარებლო ბაზრის კვლევა ჩატარდა. კვლევის მიხედვით, ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია ქართული ღვინის შესახებ ცნობადობა ამაღლდეს არა მხოლოდ კონკრეტულად დარგის პროფესიონალებში, არამედ ზოგადად, რიგით ამერიკელ მომხმარებლებში. მომხმარებელი არის საბოლოო რგოლი ღვინის გაყიდვების ჯაჭვში. აღნიშნულის გათვალისწინებით, აშშ-ში მომხარებელზე ორიენტირებულ სარეკლამო კამპანია დაიგეგმა“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თქმით, 2023 წელს აშშ-ში განხორციელებულმა მომხმარებელზე ორიენტირებულმა სარეკლამო კამპანიამ და ისეთ მედია საშუალებებთან თანამშრომლობამ, როგორიც არის CBS და CNN, წარმატებულად იმუშავა და შედეგად, 2023 წლის მეოთხე კვარტალში და 2024 წლის განვლილი პერიოდში ქართული ღვინის გაყიდვების უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის კამპანია ამ ეტაპზე მოიცავს:
- 16-18 სექტემბერს, პრესტიჟული ამერიკული ღვინის გამოცემის „Wine Enthusiast“ ერთ-ერთი რედაქტორი და სადეგუსტაციო კომისიის წარმომადგენლის ემილი სალადინო (Emily Saladino) ეწვევა საქართველოს. ვიზიტის ფარგლებში იგი ჩაატარებს ქართული ღვინის ბრმა დეგუსტაციას და Wine Enthusiast-ის 100 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით შეაფასებს წარდგენილ ღვინოებს, ასევე ეწვევა კახეთის რეგიონს. დეგუსტაციაზე წარდგენილი ღვინოების შეფასებები გამოქვეყნდება Wine Enthusiast-ის გვერდზე.
- სექტემბერში განხორციელდება ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისა და ჟურნალისტების ტური საქართველოში.
- 23 სექტემბრიდან, 2 კვირის განმავლობაში, ქალაქ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, აუთდორ კამპანიის ფარგლებში, ე.წ. 25 ლაითბოქსზე განთავსდება ქართული ღვინის სარეკლამო ბანერები.
- 26 სექტემბერს, ქალაქ ნიუ-იორკში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა „გრანდ თეისტინგი“ ღვინის პროფესიონალების, მედიის და კომერციული სექტორის წარმომადგენლობისთვის გაიმართება.
- ოქტომბრისა და ნოემრში, ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიას ადგილი პრესტიჟულ გამოცემა „New York Times“ დაეთმობა. New York Times-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსდება ე.წ. ბლოკბანერი და ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც ესტუმრება საიტს სარეკლამო ველში გამოუჩნდება ქართული ღვინის სარეკლამო ბანერების სლაიდშოუ. აღნიშნული გამოცემის საშუალო ნახვა კვირის განმავლობაში 100 მლნ მომხმარებელს აჭარბებს.
ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (AAWE) მიმდინარე წლის 11 სექტემბერს წერდა, რომ 2013 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში შეერთებულმა შტატებმა ქართული ღვინის იმპორტი $0,8 მლნ-დან $5,2 მლნ-მდე გაზარდა. ასოციაციის მონაცემებით, 2023 წელს ქართული ღვინის იმპორტმა აშშ-ს ღვინის მთელი იმპორტის 0,078% შეადგინა, როდესაც 2013 წელს ეს მაჩვენებელი 0,016%-ს შეადგენდა.
ხაზგასასმელია, რომ 2022 წელს, აშშ-ში ქართული ღვინის იმპორტმა შეადგინა $5.4 მლნ, ხოლო 2023 წელს ეს მაჩვენებელი მცირედით, $0.2 მლნ-ით შემცირდა და $5.2 მლნ შეადგინა.