თბილისი (GBC) - საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2024–2025 სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში 50 000-ზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა. პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, დამატებით კიდევ 7000-მდე ბავშვს მიეცა სკოლაში დარეგისტრირების შესაძლებლობა. 

2024-2025 სასწავლო წელს, რეგიონის სკოლების მხარდაჭერის ფარგლებში, განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოსწავლეებისთვის გრძელდება ტრანსპორტირების პროგრამა.

2024-2025 სასწავლო წელს სკოლები სიახლეებით ხვდებიან – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.

"საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე კვლავ უზრუნველყოფილია წიგნებითა და რვეულებით. ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლების პირველკლასელებმა და დამრიგებლებმა მიიღეს პორტაბელური კომპიუტერები", -  ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს თქმით, 2024 წლის 1 ივლისიდან მოქმედებს მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ახალი სახელფასო სისტემა, რომლის მთავარი პრინციპი სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად სამართლიანი, გამჭვირვალე ანაზღაურების სისტემის შექმნაა. ახალი სახელფასო სისტემის ფარგლებში მასწავლებლის ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზარდა. კერძოდ, საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან მასწავლებელს და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზარდა.