თბილისი (GBC) - გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში მდებარეობს “მართალი ღვინის” მარანი, რომლის საკუთრებაში არსებული ვენახების ძირითადი ნაწილი ცივ-გომბორის ტყისპირა კალთებზე შეფენილ „ფაფრის მინდორზეა“ გაშენებული, ნაწილი კი სოფელ შაშიანში – „ქვიან ჭალაში“. ვენახების კომპოზიცია, ნიადაგის განსაკუთრებულობა (ალუვიური, კარბონატული, ხირხატიანი და თიხნარი), კახეთის კლიმატი და კავკასიონის გავლენა ზვრებზე ყურძნის მაღალ ხარისხს განაპირობებს,  რაც აქ მოწეული ყურძნის ჯიშებისგან დამზადებულ ღვინოს საკუთარ ელფერს და განსაკუთრებულობას სძენს. 

მარნის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკოლოზ ბიწკინაშვილი მიიჩნევს, რომ მეღვინეობის დარგი საჭიროებს ბიო ნატურალური მიმართულების გაძლიერებას. თავად „მართალი ღვინის“ მარანი  საქართველოში პირველი იყო, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2019 წელს ოფიციალურად მიანიჭა “ბიო წარმოებაზე გარდამავალი პროდუქტის” ხარისხის ნიშანი.

მარანი ჯერ კიდევ 1898 წელს ააშენა უფროსმა ნიკოლოზ ბიწკინაშვილმა (ნიკოლოზ ბიწკინაშვილის დიდმა პაპამ). 126 წლის ისტორიის მქონე მარანი უწყვეტად ფუნქციონირებს და ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციაც თაობიდან თაობას გადაეცემა. „მართალი ღვინო“, წინაპართა დანატოვარი ქართული ღვინის წარმოების 8 000 წლოვანი ტრადიციის მიხედვით, ქვევრში მზადდება.

2016 წელს, გერმანელ მეგობართან თომას შუბეუსთან ერთად, ნიკოლოზ ბიწკინაშვილმა ძველ მარანს ახალი ქვევრები დაამატა (მარანში სულ 27 ქვევრია, რომელთა მოცულობაც 10 ლიტრიდან იწყება და 2.5 ტონამდე აღწევს) და ღვინის დასავარგებლად მიწისქვეშა საცავი გააკეთა. მარანს დაემატა სადეგუსტაციო სივრცეც, სადაც „მართალი ღვინის“ მარნის სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა ღვინოსთან ერთად ტრადიციული კახური კერძებიც დააგემოვნონ.

„მართალი ღვინის“ მარანს მიმდინარე წელს დაახლოებით 350 ტურისტი ესტუმრა. მარნის სტუმრები ძირითადად არიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან: გერმანიიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან.

ნიკოლოზ ბიწკინაშვილის მარანში დადუღება-დავარგების პროცესი ქვევრში ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, რის შემდეგაც ხდება ღვინის სტაბილიზაცია და ბოთლებში ჩამოსხმა. „ჩემთვის ღვინო არის ტრადიციების გაგრძელება, სასიამოვნო საქმე, სხვა ადამიანებზე ზრუნვის საგანი და დახარჯული ძალისხმევის საუკეთესო დაფასება“, - ამბობს ნიკოლოზ ბიწკინაშვილი.

„მართალ ღვინოს“ აქვს ოთხ ჰექტარზე გაშენებული საკუთარი ბიო ვენახები, რომელიც ბიომასერტიფიცირებელი ორგანოს „კავკასსერტის“ მიერ ყოველწლიურად მოწმდება. 2020 წლიდან, ვენახებში მოწეული ყურძენი და მისგან მიღებული ღვინო სრული „ბიო“ სტატუსის მატარებელია.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად პროექტში დაახლოებით 100 000 ევროს ოდენობის ინვესტიცია ჩადო ნიკოლოზ ბიწკინაშვილის გერმანელმა პარტნიორმა. თუმცა, მომდევნო 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღემდე გრძელდება მარნის ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ გაუმჯობესებაზე ორიენტირებული უწყვეტი ინვესტირების პროცესი.

მარანი ყოველწლიურად მხოლოდ საკუთარი ვენახებიდან მოწეული ბიო ყურძნის ჯიშებისგან, როგორიცაა: რქაწითელი, საფერავი, ქისი, ხიხვი და კახური მწვანე, 7000–დან 9000–მდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს. ქართულ ბაზარზე ერთი ბოთლი „მართალი ღვინის“ ფასი 40-100 ლარის ფარგლებში მერყეობს.

„ექსპორტზე გადის ჩვენ მიერ წარმოებული ღვინის დაახლოებით 15%. საცალო ფასი 13 -დან 35 ევრომდე მერყეობს, რაც დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ღვინის სახეობა, მოსავლის წელი, ღვინის განსაკუთრებულობა და სხვა“, - აღნიშნავს ნიკოლოზ ბიწკინაშვილი.

მარნის ყველაზე გაყიდვადი ღვინოა ბუნებრივად ტკბილი საფერავი, რომელიც ახაშენის ზვარზე (ტერუარზე), კონკრეტულად კი ფაფრის მინდორზე დაკრეფილი და ნახევრად შემჭკნარი ყურძნის გადამუშავების შედეგად მიიღება. მის უნიკალურობას განსაზღვრავს ტკბილი ღვინის ქვევრში ტრადიციული წესით დამზადების ტექნოლოგია, რომელიც ასევე განაპირობებს ღვინოში სიტკბოსა და მჟავიანობის გამორჩეულ ბალანსს.

მეღვინე ნიკოლოზ ბიწკინაშვილი გვიყვება, რომ ამ ეტაპზე მათთვის პრიორიტეტი ადგილობრივ ბაზარზე არსებული ნატურალური მიმართულების ღვინის ბარები და ბუტიკური ტიპის რესტორნებია: „უცხოური ბაზრებიდან გამოვყოფდი გერმანიას, რადგან იქ განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს „მართალი ღვინის“ ქვევრის მშრალი ღვინოები, რომლებსაც კახური ტრადიციული წესით ვამზადებთ“.

ბიწკინაშვილი მიიჩნევს, რომ „მართალი ღვინის“ უპირატესობა არის ბიო/ნატურალური მიმართულება და საკუთარი ვენახების არსებობა, რაც მეწარმეს შესაძლებლობას აძლევს, დარწმუნებული იყოს ყურძნის საუკეთესო ხარისხში. „ასევე უნდა აღინიშნოს ჩვენი პერსონალი – მარანს 6-დან 10-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული, რომლებიც დაარსების დღიდან ჩართულები არიან ყველა პროცესში და მათი გულისხმიერება გაწეული სამუშაოების დროს, დიდწილად განაპირობებს პროდუქტის გამორჩეულ ხარისხს“, – გვიყვება მეღვინე.

ნიკოლოზ ბიწკინაშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხელშემწყობი ფაქტორი იქნებოდა არა ყველა კატეგორიის ყურძნის თანაბარი სუბსიდირება, არამედ ბიო/ნატურალური მიმართულების ეფექტიანი წახალისება - როგორც ბიო წარმოებაზე გარდამავალი გადასახადის სუბსიდირებით (ან სრულად დაფინანსებით), ისე ბიო მწარმოებლების და მოვაჭრეების რიგი გადასახადებისგან გათავისუფლებით.

„ბიო/ნატურალური მიმართულების ხელშეწყობა საბოლოო ჯამში განაპირობებს ქართული ღვინის გასაღების ბაზრის დივერსიფიცირებას და ევროპის და ამერიკის ბაზარზე უფრო მაღალ ფასად რეალიზაციას“, - დარწმუნებულია ნიკოლოზ ბიწკინაშვილი.

თიბისი კაპიტალის 2024 წლის მე-2 კვარტალის კვლევის თანახმად, ქართული ღვინის ინდუსტრია უკანასკნელი სამი წლის მანძილზე 1-6%-ს ფარგლებში იზრდება. ექსპერტების პროგნოზით, 2024 წელს ინდუსტრია 5%-ით გაიზრდება. ზრდის ძირითადი წყაროს კი რუსეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდა წარმოადგენს, რის შედეგადაც ვიღებთ იმას, რომ ქართული ღვინის ექსპორტის თითქმის 80% რუსეთის დაბალი საფასო სეგმენტის ბაზარზე ხვდება, რაც საერთოდ არ არის პოზიტიური მაჩვენებელი.

ღვინის ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის საჭიროა ქვეყანამ აწარმოოს რაც შეიძლება მეტი ბიო/ნატურალური წარმოების ღვინო (ბიოსერტიფიცირების პირველი ადგილობრივი ორგანოს ”კავკასსერტი”-ს 2024 წლის  მონაცემების თანახმად, საქართველოში დაახლოებით 46 ბიომეღვინეა), თანაც იმ ფონზე, რომ მოთხოვნა და ფასი ნატურალურ ღვინოზე ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება. ბიო/ნატურალური ღვინის რაოდენობის და ხარისხის ზრდა პირდაპირ კავშირშია ბიო-აგრო ტურიზმის განვითარებასთან, რაც მსოფლიოში ქართული ღვინის ცნობადობას მნიშვნელოვნად გაზრდის.