თბილისი (GBC) – შავ ზღვაში უსაფრთხოების რისკების ზრდისა და საზღვაო გადაზიდვებისთვის საფრთხეების გახშირების ფონზე, თურქი ექსპორტიორები ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებენ. კომპანიების ნაწილი ტვირთების გადაზიდვას საქართველოს, აზერბაიჯანისა და ირანის გავლით ახორციელებს.
როგორც Vesti.az წერს Milliyet-ზე დაყრდნობით, სამოქალაქო გემებზე დრონების თავდასხმების ფონზე მკვეთრად გაიზარდა თურქეთსა და რუსეთის ნოვოროსიისკის პორტს შორის საზღვაო გადაზიდვების ღირებულება.
ამ მიმართულებით მომუშავე საზღვაო კომპანიებმა დამატებითი ომის რისკის გადასახადის (War Risk Surcharge, WRS) დაწესება დაიწყეს. შედეგად, შავ ზღვაში გადაზიდვის დამატებითმა ხარჯმა 20-ფუტიან კონტეინერზე (TEU) $1 000-ს მიაღწია, რაც ჩვეულებრივ ფასს 2-3-ჯერ აღემატება.
ლოგისტიკური ხარჯების ზრდა კომპანიებს სატვირთო მარშრუტების გადახედვას აიძულებს. თურქი ექსპორტიორების ნაწილი ტვირთებს სახმელეთო გზით, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ირანის გავლით გადაამისამართებს, ნაწილი კი საზღვაო მიწოდებებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით ცვლის. ზოგიერთი კომპანია ექსპორტის ოპერაციებს დროებით სრულადაც აჩერებს.
Milliyet-ის ინფორმაციით, ლოგისტიკური ჯაჭვების ცვლილება პირდაპირ უკავშირდება შავ ზღვაში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებას. ბოლო კვირებში თავდასხმის სამიზნე რამდენიმე თურქული გემიც გახდა.
საქართველოსთვის ეს ვითარება სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერების შესაძლებლობას ქმნის, რადგან შავი ზღვის საზღვაო მარშრუტებზე რისკების ზრდის შემთხვევაში თურქეთიდან ევროპისა და რეგიონის სხვა ბაზრების მიმართულებით სახმელეთო გადაზიდვებისთვის საქართველოს დერეფნის მნიშვნელობა იზრდება.
