თბილისი (GBC) – ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2025 წელს პოლიტიკური დიალოგი არ ჩატარებულა, ხოლო ორმხრივი კონტაქტები შემცირდა. ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის გამო შეჩერებულია ხელისუფლების პირდაპირი ფინანსური დახმარებაც, გამოთავისუფლებული რესურსები კი სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად მიიმართა.
დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბრიდან NDICI-ის ფონდებიდან 24 მილიონი ევრო უკვე გამოეყო სამოქალაქო სექტორსა და მედიას. გარდა ამისა, 2025-2027 წლებისთვის „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ობიექტის“ (EaP CSF) ფარგლებში დამატებით 10 მილიონი ევროა გამოყოფილი, ხოლო ევროკავშირი აგრძელებს სახალხო დამცველის აპარატის ინსტიტუციურ მხარდაჭერას.
ანგარიშში ასევე ყურადღება გამახვილებულია საერთაშორისო რეიტინგებსა და მრავალმხრივ ფორმატებზე. კერძოდ, საქართველო RSF-ის პრესის თავისუფლების ინდექსში 114-ე ადგილზეა, WJP-ის კანონის უზენაესობის ინდექსში - 52-ეზე, ხოლო Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსში - 56-ეზე, იმ ფონზე, როდესაც CIVICUS Monitor-ის შეფასებით ქვეყანაში სამოქალაქო სივრცე „რეპრესირებულის“ სტატუსით შეფასდა.
ამასთან, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება შეფასებულია როგორც არაადეკვატური, სადაც მინისტრთა კომიტეტის გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ საქართველოს 45 საქმე იმყოფება. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/დიჰრის სადამკვირვებლო მისია დროულად არ მოიწვია, რამაც სრულფასოვანი დაკვირვება შეუძლებელი გახადა. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა და დაუბრუნდეს ევროინტეგრაციისთვის აუცილებელ რეფორმების კურსს.
