თბილისი (GBC) – საქართველოს ნავთობისა და გაზის ეროვნულ სააგენტო შავი ზღვის III სალიცენზიო ბლოკზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად ღია საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გეგმავს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ნავთობისა და გაზის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, აღნიშნულისთვის საჭიროა არსებული გეოლოგიური და გეოფიზიკური მასალების ხელახალი ინტერპრეტაცია, მესამე მხარის მიერ რესურსების გადაფასება და სერტიფიცირება.

„ბოლო პერიოდში შავის ზღვის აუზში განსაკუთრებით გააქტიურდა ნახშირწყალბადების ძებნა - ძიებითი სამუშაოები, სამუშაოებში ჩართულია, როგორც კერძო საერთაშორისო, ასევე ეროვნული ნავთობკომპანიები. საქართველო განიხილავს, იყოს ამ პროცესის მონაწილე და საკუთარი რესურსების შესაფასებლად და ასათვისებლად მოიწვიოს საერთაშორისო, მაღალი რეპუტაციის და გამოცდილების მქონე მაღალტექნოლოგიური ინვესტორები“, - განაცხადეს სააგენტოში.

გეოლოგიური და გეოფიზიკური მასალების ხელახალი ინტერპრეტაციის, რესურსების გადაფასებისა და სერტიფიცირებისთვის სააგენტო საკონსულტაციო კომპანიიის მომსახურების შეძენას აპირებს. მთავრობის განკარგულებით, აღნიშნული მომსახურებისთვის სააგენტოს 1.4 მილიონი ლარის გამოყოფა დაევალა.

შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში ნავთობის სადაზვერვო სამუშაოები 2000-იანი წლების დასაწყისში ამერიკულმა ნავთობმომპოვებელმა კომპანია „ანა დარკომ“ ჩაატარა. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ანა დარკომ“ მნიშვნელოვანი გეოფიზიკური, აერო და სხვა სახის ფუნდამენტური კვლევითი სამუშაოები ჩაატარა, რაც შავი ზღვის საქართველოს მონაკვეთში ნავთობის დიდი რაოდენობის არსებობას ადასტურებს. თუმცა წინასწარი მონაცემებს დასაზუსტებლად ჭაბურღილების გაბურღვაა აუცილებელი.