თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში ენერგეტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა და თქვა, რომ მთავრობას აქვს სტრატეგიული ამოცანა, 2030 წლისთვის ეროვნულმა წარმოებამ ამ სფეროში გადააჭარბოს მოხმარებას და ყველაფერი კეთდება ამ მიზნის განსახორციელებლად.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამჟამად გაფორმებულია 284 ხელშეკრულება ახალი ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით.

„მათგან 214 არის ჰიდროელექტროსადგური, 26 ქარის, ხოლო 44 მზის ელექტროსადგური. დარწმუნებული ვართ, ყველა შესაბამისი პროექტი წარმატებით განხორციელდება. აქტიურად მიმდინარეობდა ასევე ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა. აქტიურად ვმუშაობთ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაახლოებით ერთ თვეში, ივლისში დასრულდება", - აღნიშნა პრემიერმა.