თბილისი (GBC) - 2024 წლის ნოემბერში, თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო დანახარჯების წლიურმა ზრდის ტემპებმა 21% შეადგინა. უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ სექტორულ კვლევაშია აღნიშნული.

ანალიზის მიხედვით, წელს ნოემბერში, სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 22%-ით გაიზარდა, ხოლო თიბისი ბანკის არხებით საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ (საშუალო ჩეკმა) 16 ლარი შეადგინა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ამავე პერიოდში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაცია 3.1%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება სხვადასხვა სექტორში უნაღდო დანახარჯებს, მიმოხილვის მიხედვით, წელს ნოემბერში, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდის ტემპი 42%-ს გაუტოლდა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, საშუალო ტრანზაქციის მოცულობა 359 ლარამდე შემცირდა, როცა გასულ თვეში მონაცემებმა მიმდინარე წლის პიკს მიაღწია და 441.4 ლარი შეადგინა.

კვლევის თანახმად, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, ნოემბერში წლიურად 39%-ით გაიზარდა.

„თიბისი კაპიტალის“ მიხედვით, წელს საანგარიშო პერიოდში, რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო დანახარჯები თიბისი ბანკის არხებით წლიურად 57%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საშუალო დანახარჯს ერთეულ ტრანზაქციაზე, მაჩვენებელი სექტემბრიდან მოყოლებული მცირდებოდა და ნოემბერში 31 ლარი შეადგინა. ხოლო, გართობის სექტორში, მიმდინარე პერიოდში თიბისი ბანკის არხებით უნაღდო დანახარჯებში 7%-ანი წლიური ზრდა დაფიქსირდა.

მონაცემების თანახმად, ნოემბერში თიბისი ბანკის არხებით უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 27%-ს გაუტოლდა. როგორც „თიბისი კაპიტალი“ აღნიშნავს, 29 ნოემბრის „შავი პარასკევის“ შემოთავაზებებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საშუალო ტრანზაქციის მოცულობაზე, რომელმაც 122 ლარი შეადგინა, რაც 2023 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება სხვა საცალო მაღაზიებს, უნაღდო დანახარჯების მოცულობა, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 27%-ით გაიზარდა.