თბილისი (GBC) - ევროკავშირი მზად უნდა იყოს მჭიდროდ ითანამშრომლოს მარინ ლე პენთან, თუ იგი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. ამის შესახებ POLITICO-სთან ინტერვიუში იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის მთავარმა ბრიუსელელმა მოკავშირემ და „ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ (ECR) ჯგუფის ლიდერმა ნიკოლა პროკაჩინიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ინსტიტუტებმა და ცენტრისტულ-მემარჯვენე „ევროპის ხალხთა პარტიამ“ (EPP) „სიმამაცე უნდა გამოიჩინონ“ და ითანამშრომლონ ევროპარლამენტში შემავალ ულტრამემარჯვენე ფრაქცია „პატრიოტებთან“, ისევე, როგორც ეს 2022 წელს, რომში მელონის გამარჯვების შემდეგ მოხდა.

„საფრანგეთის რესპუბლიკის მიმართ «სანიტარიული კორდონის» (პოლიტიკური ბოიკოტის) გამოყენება შეუძლებელია“, - აღნიშნა პროკაჩინიმ. მისი თქმით, ლე პენი და ჟორდან ბარდელა, რომელიც ლე პენის პრეზიდენტობის შემთხვევაში, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი გახდება, მელონის მსგავსად პრაგმატული პოლიტიკოსები არიან და ეროვნულ ინტერესებს საფრანგეთის ევროკავშირიდან გაყვანის გარეშე დაიცავენ.

politico-ს ცნობით, ლე პენის შესაძლო გამარჯვება ევროპაში მემარჯვენე ძალების პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს და EPP-ს აიძულებს მოძებნოს გზა მემარჯვენე მთავრობებთან თანამშრომლობისთვის.

ევროპარლამენტის 2024 წლის არჩევნების შემდეგ, EPP სულ უფრო ხშირად ეყრდნობა მემარჯვენე ფრაქციების ხმებს, რათა გააუქმოს ევროკავშირის მკაცრი „მწვანე რეგულაციები“ (Green Deal) და გაამკაცროს მიგრაციული პოლიტიკა.

პროკაჩინის თქმით, ECR-ის დეპუტატები მზად არიან შეასრულონ არაოფიციალური მედიატორის როლი EPP-სა და „პატრიოტების“ ჯგუფს შორის, ხოლო 2029 წლის არჩევნებამდე მთავარ პრიორიტეტად „მწვანე შეთანხმების“ გადახედვა და ევროპის ბიზნეს-კონკურენტუნარიანობის ამაღლება რჩება.