თბილისი (GBC) - სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი (TCRC) წერს, რომ ქვეყანაში სატვირთო ტრანსპორტის უსაფრთხო პარკირების ადგილების დეფიციტი შეინიშნება. TCRC-ის განმარტებით, საქართველოს საავტომობილო გზაზე, სადაც მრავალი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი გადაადგილდება, ხშირად შეიმჩნევა გვერდულაზე გაჩერებული სატვირთო მანქანების რიგი, რაც ხშირ შემთხვევებში, გზებზე მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპოტის მოძრაობის შეფერხებას, შეზღუდულ მხედველობას, საწვავის გაზრდილ მოხმარებას, ჰაერის დაბინძურებას – ერთობლიობში კი საგზაო მონაკვეთებზე დაგროვილი სატვირთო ავტოტრანსპორტი საავარიო სიტუაციას იწვევს.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის შეფასებით, პრობლემის გადასაჭრელად, აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს, წინასწარ დამტკიცებული სატვირთო ავტოტრანსპორტის საპარკინგე არეალების განთავსების სქემა.

კერძოდ, წინასწარ დადგენილი საპარკინგე ადგილების მიხედვით, კერძო ბიზნესს სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს საინვესტიციო წინადადებები, რაც TCRC-ს ინფორმაციით, საპარკინგე სივრცეების განვითარებისთვის ევროპაში ფართოდ გავრცელებულ მოდელს წარმოადგენს.

“უფრო მეტიც, საქართველო ახლო მომავალში ვალდებული იქნება, დანერგოს და სრულფასოვნად აამოქმედოს ევროკავშირში აპრობირებული მძღოლების შრომის და დასვენების მონიტორინგის სისტემა.

მონიტორინგის სისტემა ითვალისწინებს, გადაბმული მოძრაობის დროის ამოწურვის შემდგომ, გარკვეული ინტერვალით სატრანსპორტო საშუალების საპარკინგე სივრცეში გაჩერებას და მხოლოდ დასვენების შემდგომ მოძრაობის გაგრძელებას. ამ მიზნისთვის აუცილებელია ქვეყნის საავტომობილო გზების განფენილობაზე სატვირთო ტრანსპორტისათვის საპარკინგე სივრცეების შექმნა”, - განმარტავს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი.

მათივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი, სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილი Trucks Parking Central ფუნქციონირებს.

“პარკინგის ინფრასტრუქტურა 2024 წელს გაფართოვდა და 1150 ერთეულ სატვირთო ავტომობილზეა გათვლილი. აღნიშნული შუალედური ავტოპარკი ერთადერთია საქართველოს ტერიტორიაზე და ძირითადად ემსახურება ლარსის მიმართულებით მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს.

2024 წელს Trucks Parking Central-მა 150 000 ერთეული მანქანა გაატარა. საპარკინგე ტერმინალი ძირითადად ლარსის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებების გატარებაზეა ორიენტირებული, მეტეოროლოგიურ პირობების გამო ხშირად კობი – გუდაურის გზაზე სატვირთო ავტომობილების გადადგილება ეზღუდებათ და იქმნება საცობი.

ამ თვალსაზრისით საპარკინგე ტერიტორია შუამავალ მოსაცდელ არეალს წარმოადგენს, სადაც შესაძლებელია მანქანების დაგროვება და შემდგომ პაკეტირებულად გაგზავნა.

კომპანია „ლგ ტრანსმა“ საპარკინგე არეალის მშენებლობა / გაფართოებისთვის 14 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, 2025 წელს დამატებით 2 მლნ ლარის ჩადებას გეგმავს.

ბუნებრივია, საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი, ისიც შუალედური ფუნქციის მატარებელი საპარკინგე სივრცე საკმარისი არ არის”- აღნიშნავს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი.

TCRC დასკვნის სახით წერს, რომ სატრანსპორტო დერეფნის უსაფრთხოდ გასავლელად, სატვირთო ტრანსპორტისათვის აუცილებელი იქნება, პირველ ეტაპზე აღმოსავლეთ – დასავლეთ ავტობანის გასწვრივ მინიმუმ ორი სერტიფიცირებული საპარკინგე არეალის მოწყობა.